სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
დღეს BBC-იმ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიერ მოპოვებულმა მასალებმა აჩვენა, რომ 2024 წლის ნოემბერ – დეკემბრის საპროტესტო აქციებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა, შესაძლოა, გამოიყენა ქიმიური ნივთიერება, ცნობილი როგორც „კამიტი“ — ნაერთი, რომელიც პირველად საფრანგეთმა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. "ქართული ოცნება" აღნიშნულს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს რომ სამართალდამცველებმა აქციების დაშლისას კანონიერი ზომები გამოიყენეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
"დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ.
შესაბამისად, გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
გამოძიება იმუშავებს ყველა მიმართულებით და შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.




























