მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[სვანეთში] ვისაც გენერატორი აქვს, ის ბიზნესები მუშაობენ - „ვილა ჩელო" გამოწვევებზე

სვანეთი

"ვისაც გენერატორი აქვს, ისინი მუშაობენ", - ამის შესახებ სვანეთში მდებარე „ვილა ჩელოს“ დამფუძნებელმა, თათია თეთრაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, სვანეთში ამ ეტაპზე სტანდარტულზე ნაკლები თოვლია და განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პრობლემა არ დაფიქსირებულა, თუმცა ელექტროენერგიის შეფერხებები, როგორც ყოველ წელს, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება და ტურისტულ სეზონზე პირდაპირ აისახება.

„სტანდარტულად, ვარდება სეზონი. მიუხედავად იმისა, რომ საახალწლოდ 100%-ით დატვირთული ვიყავით, ჯავშნების გაუქმება უკვე დაწყებულია და ამ დრომდე არ ვიცით, საბოლოოდ რამდენამდე შემცირდება დატვირთვა“, - აღნიშნავს თათია თეთრაშვილი.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდა. „ეს არის მთავარი პრობლემა, რის გამოც სტუმრები ჯავშნებს აუქმებენ“, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი.

როგორც თეთრაშვილი განმარტავს, ფასების კორექცია არსებულ ვითარებაში შედეგს ვერ გამოიღებს: „თუ შუქი არ არის, ფასის დაკლება არაფერს ცვლის. აქ მთავარი ის არის, ვის აქვს ალტერნატიული გენერატორი, მათ შეუძლიათ მუშაობა, ხოლო ვისაც არ აქვს, პრაქტიკულად საქმიანობას ვერ აგრძელებს“.

თეთრაშვილის ინფორმაციით, სვანეთში საოჯახო სასტუმროში განთავსების ღირებულება ერთ საწოლზე ღამეში 20 ლარიდან იწყება, ხოლო აპარტამენტის ფასი 150 ლარს შეადგენს. მიუხედავად შედარებით ხელმისაწვდომი ფასებისა, ელექტროენერგიის პრობლემები სვანეთში ზამთრის ტურისტულ აქტივობას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები