ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო ფინანსური სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ახალი ბრძანება გამოსცა. წესი ბანკებს საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-ის ოპერაციების სკრინინგს და სანქცირებულ პირებთან მიმართებით გადარიცხვების ბლოკირებას შეეხება. ამასთან, განმარტებულია, რომ ეს წესი არ შეეხება საქართველოს შიგნით საბანკო გადარიცხვების სისტემა RTGS-ით განხორციელებულ ოპერაციებს, ანუ შიდა საბანკო გადარიცხვებს.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ახალი წესი გამომდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 4 აგვისტოს ბრძანებიდან, რომელიც სანქციების რეჟიმის აღსრულების წესებს ადგენს.
BMG-იმ ეროვნული ბანკს მიმართა კითხვით რა სახით იმოქმედებს ეს ბრძანება საქართველოს მოქალაქე სანქცირებულ პირებზე, რომლებზეც სებ-მა საგამონაკლისო წესი განსაზღვრა. თუმცა, სებ-ში აღნიშნავენ, რომ ეს ბრძანება აღნიშნულ საკითხს არ ეხება.
ეროვნული ბანკის განმარტება:
“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №273/04 ბრძანებით დამტკიცებული „მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების სკრინინგის წესი“ ადგენს სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (შემდგომში - „SWIFT“) შეტყობინებების სკრინინგის ერთიან მიდგომას. აღნიშნული წესი მითითებას აკეთებს სიებზე, რომელთა მიმართებით სავალდებულოა SWIFT შეტყობინებების სკრინინგის განხორციელება და არ განსაზღვრავს სანქციათა რეჟიმების გავრცელების პირთა წრეს რაიმე ნიშნით. წესი ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მისი მიზანია სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის პროცესის ეფექტურობის ამაღლება.
ბანკები, SWIFT შეტყობინებების სკრინინგის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის“, წერილობითი მითითებისა და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნებით.
საფინანსო სექტორის წარმომადგენლები მუდმივად ატარებენ ყველა იმ ზომას, რაც აუცილებელია სანქციების გვერდის ავლის ფაქტების გამოსარიცხად,”- ნათქვამია სებ-ის პასუხში.