შვეიცარიის უდიდესი საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი ბოლო წლებში შეძენილი აქტივების გასხვისებას აგრძელებს. იმ დროს, როცა UBS-მა ფინანსურ გასაჭირში ჩავარდნილი Credit Suisse-ი შეიძინა, შესყიდულ აქტივებში საკრედიტო ბარათების გამომშვები Swisscard-იც მოხვდა, რომელიც American Express-ის და Credit Suisse-ის ერთობლივი საწარმო იყო. ახლა კი, როგორც ჩანს, UBS-მა ამ ბიზნესიდან გასვლა გადაწყვიტა და კომპანიაში 50%-იანი წილი, სწორედ ამერიკულ კორპორაციას მიჰყიდა.
გარიგების კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, Swisscard-ი American Express-ის, Mastercard-ისა და Visa-ს ბარათების გამოშვებას ჩვეულებრივად გააგრძელებს და ტრანზაქციის შემდეგ, ევროპულ ქვეყანაში AmEx-ის წარმომადგენელი სწორედ Swisscard-ი იქნება. ეს კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს არამხოლოდ პლასტიკურ ბარათებს, არამედ სხვა სამომხმარებლო სერვისებს, მათ შორის ქეშბექების პროგრამას, სამოგზაურო დაზღვევას და ფინანსური მენეჯმენტის ხელსაწყოებს.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს UBS-მა Credit Suisse-ის პორტფელი გადაიბარა, კომპანიამ გარკვეული აქტივების გაყიდვა გადაწყვიტა. Swisscard-ის გარდა, ბანკმა წილი შვეიცარიული ბანკის ჩინურ შვილობილშიც გაყიდა, ხოლო Credit Suisse-ის სადაზღვევო ბიზნესი, კომპანიის მენეჯმენტს მიჰყიდა. როგორც UBS-ში ამბობენ, კომპანია საკრედიტო ბარათების გამოშვებას მომავალშიც გეგმავს, მაგრამ არა Swisscard-ის ჭრილში.