მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სწორი საგადასახადო პოლიტიკით, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო დიდ თანხას მიიღებს“ - დუნდუა

6371f3c516225
ვიქტორია მღებრიშვილი
14.11.22 12:32
518
2022 წლის დასაწყისიდან აზარტული თამაშების ბიზნესის რეგულირების მექანიზმები გამკაცრდა. კონკრეტულად კი პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის ონლაინ პროვაიდერებისთვის საგადასახადო დასაბეგრი ბაზა გაფართოვდა და ამასთან განაწილებული მოგების გადასახადის სისტემა შეიცვალა GGR-ის 10%-ის დაბეგვრის წესით, რაც იმას გულისხმობს, რომ იბეგრება ფსონების სახით მიღებულ თანხასა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის (GGR) 10%. მოგვიანებით - პირველი მარტიდან კი აიკრძალა სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას შეფასებით, დარგის რეგულირების სწორი და მიზნობრივი პოლიტიკის შედეგად, მიმდინარე წელს სექტორიდან მიღებული შემოსავლები გაიზრდება. ამის შესახებ მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სათამაშო ბიზნესიდან 8 თვეში შემოსავლების სახით 266 მლნ ლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შემოსავალს 61%-ით აღემატება. აქ არ იგულისხმება დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადი, არამედ მხოლოდ კორპორაციული დაბეგვრის სისტემას და ის დამატებითი გადასახდელები, რაც ჩვენ შემოვიღეთ. სწორი და მიზნობრივი საგადასახადო პოლიტიკით, რომელიც ერთობლივ შემოსავალზეა მიმართული დავიწყეთ დაბეგვრა და მთლიანად ძალიან დიდი თანხა უნდა შემოვიდეს. არა იმის გამო, რომ სათამაშო ბიზნესი გაიზარდა, არამედ იმის გამო რომ საგადასახადო წნეხი გავამკაცრეთ. ასე რომ შემოსავლების კუთხით არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კითხვაზე - რამდენად ხედავენ სახელმწიფო უწყებაში ადგილობრივი აზარტული ბიზნესის შეზღუდვების შემდეგ უცხოურ სათამაშო საიტებზე ფინანსური რესურსების გასვლის რისკებს, რაზეც ბიზნესი საუბრობს, მიხეილ დუნდუა ამის მასშტაბურ რისკებს ვერ ხედავს.

„სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესებული მხარეა, რომელთა მიზანი საზოგადოებრივი აზრის წარმართვაა იმ მიმართულებით, რომ იქნებ არ ჯობდა ამ ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით.

როდესაც რამეს კრძალავ, მაშინ ხდება ამის დარღვევა. ბუნებრივია ერთეულებისა და ინციდენტების დონეზე შეიძლება იყოს მოძრაობები, მაგრამ ამას რომ მასობრივი ხასიათი ჰქონდეს - გამორიცხულია. არალეგალურ საიტზე ფულის დადებისას შენ თუ დაკარგავ ამ თანხას, მის დასაბრუნებლად არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ გექნება. ეროვნული ბანკი და ჩვენ ამ ყველაფრის ამოქოლვას ფეხდაფეხ ვახორციელებთ, თუმცა ეს მასშტაბური ვერ იქნება“, - განაცხადა დუნდუამ და დასძინა, რომ რეგულირებულ ბაზარზე კონტროლის მექანიზმები ისე გამკაცრდება, როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები ითხოვს.

ცნობისთვის: ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სათამაშო ბიზნესის რეგულირების შემდგომი ნაბიჯები დააანონსა, რომელიც კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. კერძოდ კი ონლაინ აზარტული თამაშების წარმოებისთვის ლიცენზიის მიღება და სანებართვო მოსაკრებლის დაწესება; გემზე კაზინოების აკრძალვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები