ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქმედ მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესდა. მათ ოჯახის წევრებთან ერთად ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. შტატები ამბობს, რომ ეს მოსამართლეები საჯარო თანამდებობას ბოროტად იყენებდნენ და ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება არის საკმაოდ სერიოზული გზავნილი საქართველოსთვის, მძიმე რეპუტაციული და რთული საინვესტიციო თვალსაზრისით,“- ასეთი შეფასებებს აკეთებს ყოფილი სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმის რამდენიმე ტალღა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები, სისტემა კიდევ უფრო დამძიმდა და როგორც ჩანს, სანქციების გარდა სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში ამერიკის მთავრობამ ვერ დაინახა.
„ეს არის საკმაოდ სერიოზული გზავნილი. პრაქტიკულად მსგავსი რამ არ მომხდარა ათწლეულების განმავლობაში. პირველად ხდება ქვეყნის ისტორიაში, როდესაც კონკრეტული პირების წინააღმდეგ იყო გამოყენებული ეს მექანიზმი. ეს ნიშნავს იმას, რამდენად მასშტაბურია პრობლემა, რომელიც ეხება სასამართლოში არსებულ მდგომარეობას, ანუ ეს არის სისტემა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა გადაწყვეტილების მიღებაზე, პრაქტიკულად ყველა კონკრეტული დავა/საქმე მიდის სასამართლოში, სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, აშშ-მ ჩათვალა, რომ უნდა დაიწყოს ცვლილებები სწორედ ამ სისტემის დემონტაჟით და უნდა მოხდეს გაუვნებელყოფა იმ ძალის, იმ ჯგუფის, იმ კლანის, რომელიც წლების განმავლობაში არის პრაქტიკულად ამ სისტემაში, ხელს უშლის სისტემის გაჯანსაღებას.
ეს არ არის კონკრეტულად 4 მოქალაქის, 4 ადამიანის, 4 თანამდებობის პირის წინააღმდეგ გზავნილი, ეს არის ქვეყნის მიმართ, სერიოზული გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სერიოზული ცვლილებები. უნდა გაჯანსაღდეს სისტემა და ეს უნდა დაიწყოს სწორედ სასამართლო სისტემით, ეს არის მთავარი ამოსავალი, რადგანაც ეს არის ქვაკუთხედი რეფორმების და ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად რამდენიმე ტალღის რეფორმებისა, პრაქტიკულად ბევრი არაფერი შეცვლილა, მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები სისტემაში, ამას არ ჰქონია არანაირი რეალური შედეგი, სისტემა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და ეს არის ალბათ აღიარება ამ პრობლემის. ქვეყანაში სასამართლო სისტემაში განსაკუთრებით არის უმძიმესი სიტუაცია, ეს არის ძალიან რთული და მძიმე რეპუტაციული თვალსაზრისით ქვეყნისთვის, რომელიც რა თქმა უნდა აზარალებს ქვეყანას, მაგრამ როგორც ჩანს სხვა გამოსავალი იმისთვის, რომ მოხდეს ზეწოლა ქვეყანაზე ალბათ, ამ ეტაპზე ამერიკის მთავრობამ ვერ დაინახა”,-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
ყოფილი სახალხო დამცველის შეფასებით, ეს პროცესი აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯსაც.
„ეს არის ძალიან რთული მათ შორის ინვესტირების თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ბიზნესმენი დაფიქრდება, რამდენად უღირს ინვესტიციის ჩადება ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემის ხელმძღვანელების წინააღმდეგ იქნა სანქცირების გადაწყვეტილება მიღებული. მეორე მხრივ ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ დაიწყოს გაუმჯობესება მდგომარეობის, გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, რომ სისტემაში მოხდეს კონკრეტული ცვლილებები. დაზარალდება აბსოლუტურად ყველა, თითოეული მოქალაქე, ბიზნესმენი, ინსტიტუტი, სახელმწიფო ზარალდება მთლიანად ამ პროცესით და ყველას აყენებს ზიანს ეს მდგომარეობა“,-ამბობს ნანუაშვილი.
აშშ-ის მიერ სანცირებული სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომ კორუფცია საბაბია და წლებია აშშ საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევას ცდილობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ,სრულიად გაუგებარი და მიუღებელია საქართველოს მთავრობისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ამერიკის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის სახელზე გავრცელებულ მიმართვაში იმედს გამოთქვამს, რომ დეპარტამენტი შესაბამის მტკიცებულებებს წარადგენს ან გადაწყვეტილებას გადახედავს.