მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაბელების წარმოებისთვის დაქირავებული კადრები მისმა გამარტივებამ, შესაძლოა, გააქროს - GD ჰოლდინგი

63709c63ce5de
თინათინ ნათმელაძე
13.11.22 11:27
6724
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ტაბელების წარმოება, რომელიც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ნამუშევარი სამუშაო საათების აღრიცხვას ითვალისწინებს, გამარტივდა - შესავსები გრაფების რაოდენობა, პრაქტიკულად, განახევრდა, დისტანციურად მუშაობის საათების ცალკე აღრიცხვის საჭიროება მოიხსნა და ამ საქმიანობის ელექტრონულად შესრულების შესაძლებლობა გაჩნდა.

კომპანიებისთვის ამ ცვლილების მნიშვნელობაზე GD ჰოლდინგის იურისტმა სოფო კვიტაიშვილმა გადაცემა ‘’საქმიანი დილის’’ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კონკრეტული გრაფების შევსება მხოლოდ შაბლონური ნაწილი იყო“; ასევე სირთულეს წარმოადგენდა დისტანციურად მომუშავეების ცალკე აღრიცხვაც, ახლა კი კომპანიებისთვის ეს ნაკლებ შრომას მოითხოვს, შრომის ინსპექციის ინტერესების დაკმაყოფილების ნაწილში კი, არაფერი იცვლება.

"ეს არ არის ძირეული ცვლილება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ ამარტივებს თვითონ ტაბელების წარმოების ფორმას. ის პირები, რომლებიც აწარმოებენ ტაბელებს, ამ პროცესში საკმაოდ დიდ შრომას დებენ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია ასეულობით ადამიანს ასაქმებს. ჩვენ გვიწევდა, ეს ტაბელები ხელით გვეწარმოებინა, რადგან ელექტრონულად დაშვებული არ იყო, დღეს კი უკვე დადგენილებაში წერია, რომ ინფორმაციის ელექტრონულად შენახვა შეიძლება და აღარ არის საჭირო ამ ინფორმაციის ფურცელზე გადმოტანა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ტაბელში 18 სავალდებულო პუნქტის ნაცვლად, ახლა 10 სავალდებულო გრაფაა დარჩენილი ანუ თითქმის განახევრდა. ჩვენ გავიარეთ შრომის ინსპექტირებები და ზუსტად ამ პროცესში გამოჩნდა, რა ინფორმაცია იყო მათთვის მნიშვნელოვანი და რა იყო უბრალოდ შაბლონურად შესავსები. აღსანიშნია ისიც, რომ აქამდე თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების შეჯამება თვეში ორჯერ უნდა მომხდარიყო - თვის პირველ და მეორე ნახევარში, რეალურად კი, საბოლოო სურათის დასანახად ეს არაფერს იძლეოდა, რადგან საბოლოოდ შეჯამებული დრო იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დადგენილიყო, რამდენი საათი იმუშავა დასაქმებულმა თვის განმავლობაში; ეს შუალედური გრაფაც ახლა ამოვარდა და დარჩა თვის ბოლოს შეჯამება", - განაცხადა სოფო კვიტაიშვილმა.

ამასთან, მისივე ცნობით, შესავსები გრაფების რაოდენობის შემცირების პროცესში მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილებები არ მომხდარა, ზოგიერთი გრაფა უბრალოდ გაერთიანდა, სამსახურში არგამოცხადების მიზეზის დაზუსტება კი საჭირო აღარაა და ეს უმეტესად ტექნიკური პროცესია, ვიდრე - შინაარსობრივი.

ტაბელების წარმოების გამარტივების თემაზე საუბრისას, GD ჰოლდინგის იურისტმა გამოყო ის სიახლეც, რომლის თანახმად, საჭირო აღარ არის დისტანციურად ნამუშევარი დროის ცალკე აღრიცხვა.

„ახლა უკვე, თუ დასაქმებულმა დისტანციურად იმუშავა, ეს ჩვეულებრივ სამუშაო საათებში ჩაეთვლება და ამის ცალკე აღრიცხვა საჭირო აღარ იქნება. სწორედ ამ დამატებითი პროცესის გამო, დისტანციურად და ოფისში მომუშავეების ცალ-ცალკე აღრიცხვისთვის, კომპანიებს კადრების დაქირავება მოუწიათ, გამარტივების შემდეგ კი, შესაძლოა, ეს კადრები გაქრეს, რადგან მათი საჭიროება აღარაა“, - განაცხადა GD ჰოლდინგის იურისტმა.

ინფორმაციისთვის: სამუშაო დროის აღრიცხვის წესი ქვეყანაში 2021 წლის 1 მარტიდან მოქმედებს. ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია, აღრიცხოს თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, რათა ზუსტად განისაზღვროს ხელფასის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისა და შვებულების ანაზღაურების ოდენობა.
თინათინ ნათმელაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები