მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაილანდი კამბოჯაზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს - მიზეზი მოკლული ტაილანდელი ჯარისკაცია

კამბოჯა-ტაილანდის ომი
BM. GE
09.12.25 01:00
4044

კამბოჯაში არსებულ სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებზე პასუხისმგებლობას ტაილანდი იღებს. საჰაერო დარტყმებს წინ საზღვარზე მიმდინარე შეტაკებები უძღოდა, რომელსაც ერთი ტაილანდელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტაილანდის სამეფო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები წარმოადგენს პასუხს კამბოჯის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე, სადაც ოფიციალურმა პნომპენმა მძიმე შეიარაღება გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის აშშ-ის პრეზიდენტის მედიაციით ოქტომბრის თვეში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება მოქმედებდა. აღნიშნული შეთანხმება ოფიციალურმა ბანგკოკმა წინა თვეში დატოვა, მას შემდეგ, რაც საზღვრის დანაღმულ ნაწილში ტაილანდელი სამხედროები დაშავდნენ.

საპასუხოდ, კამბოჯის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არანაირი შეტაკება მხარეებს შორის არ მომხდარა. მათი მტკიცებით, ტაილანდის მიერ პრეაჰ ვიჰეარის პროვინციაში განხორციელებული საჰაერო დარტყმები არის სუფთა პროვოკაცია.

სანამ მხარეები იმაზე დაობენ, თუ ვინ დაარღვია დონალდ ტრამპის მიერ მიღწეული მშვიდობა, ათობით ათასი ადამიანი, რომელიც სასაზღვრო რეგიონებში ცხოვრობენ, იძულებულნი არიან ევაკუაციის გზით დატოვონ კონფლიქტის ზონა.

სახელმწიფოებს შორის არსებული ტერიტორიული დავა, რომელიც საუკუნეა მეტია რაც გრძელდება, საზღვრის იმ მონაკვეთს ეხება, რომელიც დემარკირებული არ არის. კონფლიქტის ხელახალ გაღვივებას ადგილი მიმდინარე წლის ივლისში ჰქონდა, როდესაც ხუთდღიან ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები