ტურ-ოპერატორი კომპანია GASA-ს დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი შენგელია ამბობს, რომ 10 მარტიდან მოყოლებული ტაილანდიდან AirArabia-ს ფრენები ხელმისაწვდომია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შესრულდება ავიარეისები. მან ამის შესახებ BMG-ის ტაილანდში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას განუცხადა.
"ტაილანდში საქართველოს ასობით მოქალაქეა ჩარჩენილი... საელჩო ვერ გვეხმარება" - ტუროპერატორი
საგარეო უწყება ტაილანდში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს პასუხობს
გიორგი შენგელიას ინფორმაციით, სულ 55 მოქალაქე ელოდება AirArabia-ს რეისებს საქართველოში დასაბრუნებლად. ის აღნიშნავს, რომ არსებული ვითარება ავიაკომპანიებს მგზავრების უზრუნველყოფის ვალდებულებისგან ათავისუფლებს, ამიტომ უშუალოდ მათი ტურისტული საგზურით ტაილანდში მყოფ მოქალაქეებზე თავად GASA ზრუნავს.
"ჩვენი ტურისტული კომპანიით ტაილანდში სამოგზაუროდ იმყოფება საქართველოს 12 მოქალაქე, რომლებიც უნდა დაბრუნებულიყვნენ გასულ დღეებში. ფრენების შესრულება შეწყვეტილი აქვს ყველა ავიაკომპანიას, რომელიც დაფრინავდა სპარსეთის ყურის აეროპორტებიდან, მათ შორის AirArabia-საც, რომლითაც ეს ადამიანები არიან გამგზავრებულები. ჩვენ ვპატრონობთ მათ და ველოდებით საჰაერო სივრცის გახსნას. ბილეთები იჯავშნება იმ თარიღებზე, როდესაც ჯერ კიდევ გახსნილია ფრენები. ამ ეტაპისთვის ავიაკომპანიებს გაუქმებული აქვთ ფრენები 9 მარტის ჩათვლით და ველოდებით ინფორმაციას, განახლდება თუ არა ფრენები 10 მარტიდან. ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ AirArabia-თი იმყოფება კიდევ 43 ადამიანი, რომლებიც წესით ხვალ უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ხვალინდელი რეისებიც გაუქმებულია და შესაბამისად, ეს 55 ადამიანი არის ამ მომენტისთვის, რაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ავიაკომპანიით იმგზავრა ტაილანდში და უკან გაფრენას უნდა დაელოდონ.
როდესაც ასეთი შეზღუდვა მოქმედებს და საჰაერო სივრცე დაკეტილია, ავიაკომპანიებს ფიზიკურად არ აქვთ შესაძლებლობა რეისების შესრულების და ასევე ასეთი მდგომარეობა მათ ათავისუფლებს ვალდებულებისგან მატერიალური ხარჯების ანაზღაურების კუთხით. ამიტომ, ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ვისაც სამგზავრო საგზურები ჰქონდათ შეძენილი ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ სააგენტოებთან, მათ საცხოვრებელზე და კვებაზე პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენს მიმღებ პარტნიორებთან ერთად და ჩვენს ტურისტებს მოვუვლით იქამდე, სანამ ფრენები არ აღდგება",- ამბობს გიორგი შენგელია.
კითხვაზე, რამდენად არის მოლოდინი, რომ 10 მარტიდან მოყოლებული რეისები შესრულდება, ის აღნიშნავს, რომ ამაზე ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს.
"სიტუაცია საომარი მოქმედებების როგორ განვითარდება და რამდენად დაცული იქნება საჰაერო სივრცე ამ ქვეყნების, იმის მიხედვით. არც ერთი ავიაკომპანია არ გარისკავს ადამიანების სიცოცხლეს რეისის შესასრულებლად. თუ საჰაერო სივრცე იქნება დაკეტილი, რეისებიც გაუქმდება, თუ საჰაერო სივრცე გაიხსნება, რეისების შესრულებაც აღდგება.
თვითონ ავიაკომპანია გეგმავს, ე.წ. სარეპატრიაციო რეისებს. შეზღუდულად, აეროპორტებმა დაიწყეს ფუნქციონირება, როგორც შარჯას, აბუ-დაბის, დუბაის აეროპორტებმა. თბილისიდანაც ერთი რეისი უკვე შესრულდა. ეს არის ის თვითმფრინავები, რომლებიც სხვა ქვეყნის აეროპორტებში იყო დარჩენილი. სარეპატრიაციო რეისებზე გადაჰყავთ მხოლოდ და მხოლოდ თავისი ქვეყნის მოქალაქეები ან რეზიდენტები. ანუ, ამ რეისს კომერციული მგზავრები არ გაჰყავთ",- ამბობს გიორგი შენგელია.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ტაილანდის საჰაერო სივრცე ღიაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ალტერნატიული მარშრუტები, გიორგი შენგელიას თქმით, იმ კომერციულ ფრენებზე, რომლებიც სრულდება, მაღალი მოთხოვნის ფონზე ფასები მკვეთრად გაზრდილია. ამასთან, GASA-ს დამფუძნებელს აქვს მოლოდინი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ტაილანდში მყოფი მოქალაქეების დაბრუნებაზე სახელმწიფო იზრუნებს.
"სხვა მაგალითებზე საქართველოს მთავრობამ უკვე იზრუნა რამდენიმე წერტილიდან ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანაზე. გასულ დღეებში დაინიშნა რეისები ომანის დედაქალაქ მასკატიდან, გუშინწინ ერთი რეისი შესრულდა, გუშინ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადიდან შესრულდა, დღეს სრულდება ისევ მასკატიდან, თუ არ ვცდები, ორი რეისი. რაც შეეხება შორეულ აღმოსავლეთში, ასეთ მანძილზე, მე ვფიქრობ, რომ ყველა ფიქრობს ამ საკითხზე და შესაძლებლობის ფარგლებში, ალბათ, იზრუნებენ კიდევაც თუ არ აღდგა ეს ფრენები ახლო მომავალში.
[ტაილანდიდან] კომერციული ფრენები კი არსებობს, მაგრამ რომ წარმოიდგინოთ, ევროპასა და აზიას შორის მგზავრთნაკადის ალბათ, ნახევარს ემსახურებოდა სპარსეთის ყურის აეროპორტებში ბაზირებული ავიაკომპანიები და მათმა გაჩერებამ გამოიწვია არნახული დეფიციტი ფრენების, რაც აისახა ფასებზეც. ახლა, ვუყურებდით თურქეთის ავიახაზებს ტაილანდიდან, 15 მარტამდე ადგილები არ იყო და იმის მერეც რაღაც კატასტროფული ფასები აქვს ავიაბილეთებს",- განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ცნობისთვის, ტურ-ოპერატორი კომპანია GASA 2010 წლიდან Pegasus-ის და AirArabia-ს გენერალური სავაჭრო აგენტია საქართველოში.




























