ვენესუელას ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავებას ოფიციალური ტაიბეიც გამოეხმაურა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელას პრეზიდენტის აყვანის ოპერაცია აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობების მკაფიო დემონსტრირებად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ამ ნაბიჯით ვაშინგტონმა ოფიციალური პეკინი გააფრთხილა, რომ ჩინეთის მიერ ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში მკვეთრ და ეფექტურ ნაბიჯებს თეთრი სახლიც გადადგამს.
ოფიციალური ტაიბეის შეფასებით, ვენესუელაში უმოკლეს დროში წარმატებით ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ცხადყო, რომ ჩინეთის სამხედრო შეიარაღება ამერიკულთან შედარებით ძალიან სუსტია და ის ვერ უმკლავდება რეალურ გამოწვევებს.
ცნობისთვის, ოფიციალური პეკინი ვენესუელას ხელისუფლებას არამარტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში უწყობდა ხელს, არამედ თავდაცვითი სამხედრო შეიარაღების მიწოდებითაც ეხმარებოდა.
აღსანიშნავია, რომ წლის მიწურულს ოფიციალურმა პეკინმა ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რა დროსაც არაერთი სატესტო ოპერაცია განახორციელა და თეთრ სახლს სიგნალი გაუგზავნა, რომ ის ისტორიული ტერიტორიის ბლოკადაში მოქცევისა და მისი დაბრუნებისთვის მზადაა. ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას წინ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტაივანისთვის $11 მილიარდის სამხედრო შეიარაღების კონტრაქტის გაფორმება უძღოდა, რომლითაც ვაშინგტონმა კუნძულზე მყოფი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.




























