431%-ით 179 მილიონ დოლარამდე გაზრდილი ექსპორტით ტაჯიკეთმა, საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ათეულში მეათე ადგილი დაიკავა.
ექსპორტის მიხედვით, 2025 წელს მთავარი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში საქართველოს გადაზიდვების ყველაზე დიდი ზრდა სწორედ ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ჰქონდა. ამგვარად, რეგიონიდან ყირგიზეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის შემდეგ ტაჯიკეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც 2.5%-იანი წილით უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში შედის.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურების მიუხედავად, 2023-2024 წლებში ტაჯიკეთში საქონლის ექსპორტი არაფრით გამოირჩეოდა. 2025 წელს კი ამ მიმართულებით გადაზიდვების 90% სწორედ ავტომობილების ექსპორტზე მოდიოდა, რამაც ექსპორტის ზრდა განაპირობა. ანუ გასულ წელს სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ტაჯიკეთში 162 მილიონ 289 ათასი დოლარის ღირებულების 7 592 ავტომობილი გავყიდეთ, რაც 6.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
საქმე ის არის, რომ ტაჯიკეთში მანქანების ექსპორტი წინა წლებშიც იყო, თუმცა სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით, გადაზიდვები სტაბილური იყო. წელს კი მკვეთრად, 568%-ით გაიზარდა.
დანარჩენი საქონლის წილი, რაც ტაჯიკეთში გავყიდეთ მცირე იყო. ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $162.2 მლნ, 7 592 ცალი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $4.8 მლნ, 165 ტონა;
- ციანიდები - $2.8 მლნ, 1 045 ტონა;
- ლიმონათები - $1.3 მლნ, 934 344 ლიტრი;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $1.3 მლნ, 1 333 231 ლიტრი;
- სხვა ადგილას დაუსახელებელი კვების პროდუქტები - $1.2 მლნ, 167 ტონა;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, სატკეპნი მანქანები - $1.2 მლნ, 12 ცალი;
- ბანანები - $1.1 მლნ, 1 283 ტონა;
- ეთილის სპირტი - $670 ათასი, 18 362 ლიტრი;
- მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები - $398 ათასი, 89 ტონა;
რაც შეეხება იმპორტს, ტაჯიკეთიდან საქართველო მინიმალური ღირებულების საქონელს ყიდულობს. 2025 წელს იმპორტის ღირებულებამ 996 ათასი დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობით თხილის და სხვა კაკალი ვიყიდეთ 778 ათასი დოლარის, ასევე მეორეული ტანსაცმელი 103 ათასი დოლარის ღირებულების, სამკურნალო დაფასოებული საშუალებები კი 42 ათასი დოლარის.




























