„თაკარა“ - პირველი ქართული რესტორანია, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ობიექტი გაფრენის დარბაზის მეორე სართულზე მდებარეობს და აეროპორტში პირველი A la carte რესტორანია, რომელიც სტუმრებს ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. „თაკარას“ შესახებ დეტალურად „ქალების ნარატივში“ რესტორნის გენერალურმა მენეჯერმა, ნინა ბენაშვილმა ისაუბრა.
„ ჩვენი რესტორანი აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი და ერთ-ერთი მიზანი, ქართული კერძების უცხოელ დამსვენებელში პოპულარიზაციაა. ექსკლუზიურად მხოლოდ ,,თაკარაში“ არის შესაძლებელი მგზავრებთან ერთად ნებისმიერმა მსურველმა ქართული უალკოჰოლო სასმელების ბრენდის, ,,ლაღიძის წყლები“ დააგემოვნოს. მგზავრებს შეეძლებათ შეუკვეთონ ინდივიდუალურად კერძები მენიუდან, რომელსაც მზარეული მათთვის უმოკლეს დროში მოამზადებს. ასევე, ისარგებლონ ე.წ. take away-ის სერვისით“, - აღნიშნა ნინა ბენაშვილმა.
რესტორანი „თაკარა“ ოფიციალურად 14 თებერვალს გაიხსნა. გახსნისთვის განხორციელებული ინვესტიცია მილიონ ლარს აღწევს. ამ ეტაპისთვის რესტორანი 40-მდე ადგილობრივს ასაქმებს.
„ ოფიციალურ გახსნამდე, ჩვენი რესტორანი სატესტო რეჟიმში 2023 წლის 2 დეკემბრიდან ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. მუდმივად დაკვირვების რეჟიმში ვართ, ვუსმენთ მომხმარებლებს, ვითვალისწინებთ მათ აზრს, რათა მუდმივად სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს. ასევე ვფიქრობთ, ტურისტების ზრდასთან ერთად გავზრდით სამუშაო ადგილებსაც და პრიორიტეტს კვლავ ადგილობრივებს მივანიჭებთ“, - განაცხადა ნინა ბენაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის „თაკარას“ პირველი ობიექტია, თუმცა კომპანია გაფართოებას გეგმავს და სავარაუდოდ „თაკარას“ შემდეგი ობიექტი უახლოეს მომავალში აჭარაში გაიხსნება.