თბილისში თამარაშვილი ქუჩაზე 50-სართულიანი 170 მეტრის სიმაღლის ახალი მრავალფუნქციური ცათამბჯენი აშენდება. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოცულობები მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული.
როგორც თავად კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით იკვეთება, მითითებულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1983 წელს დაუსრულებელი მშენებლობა დაიწყო, თუმცა ადგილზე საბოლოოდ ნაგებობის დასრულება არ მომხდარა.
თბილისის მუნიციპალიტეტის 23 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ახალი პროექტის მოცულობები გაზრდილია, შეცვლილია სამშენებლო კოეფიციენტიც. პროექტს შპს იქსორი თამარაშვილზე ააშენებს. დოკუმენტის მიხედვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარების პროექტის მომზადება საკრებულოს თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს დაავალა.
თბილისის საკრებულოს მიერ გამოიცა განკარგულება, რომელშიც პუნქტობრივად აღწერილია, ყველა ის ძირითადი პირობა, რასაც უნდა დაექვემდებაროს შპს "იქსორი თამარაშვილზე" და რომლის ფარგლებში საპროექტო არეალის განვითარების და დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, ტერიტორიაში შემავალ სამ მიწის ნაკვეთს მიენიჭა გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2=14.5.
მრავალფუნქციური კომპლექსში იგულისხმება: საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული, საზოგადოებრივი თავშეყრის, გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარება.
გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ფართობია 10 841 კვ.მ; საიდანაც 1 100 კვ.მ უკავია საჯარო სარგებლობის კეთილმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს და მხოლოდ 8 600 კვ.მ-ზე ხდება დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.
შპს იქსორი თამარაშვილის წილის 80%-ს შპს იქსორი ფლობს 20%-ს კი, გიორგი ტაბატაძე. თავის მხრივ შპს იქსორს სამი მფლობელი ჰყავს წილის 40%-ს ვალერიან კირკიტაძე ფლობს, 30% ვალერიან ტურძელაძეს, 30% კი, ალექსანდრე წულუკიძეს ეკუთვნის.
კომპანიის 40%-ს მფლობელი ვალერიან კირკიტაძე 2014 წლის თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. მაშინ კირკიტაძე სამშენებლო კომპანია "ბულაჩაურის" დირექტორი იყო.