მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თამარის ჩაი" - გაზაფხულზე ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდება

5e1ec151c0f24
ვიქტორია მღებრიშვილი
15.01.20 19:13
2181
ქართული წარმოების „თამარის ჩაი“ ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წელს გამოჩნდება, - ამის შესახებ BM.GE-ის კოოპერატივ „თამარის ჩაის“ ხელმძღვანელმა თამარ გენძეხაძემ განუცხადა.

კოოპერატივის ხელმძღვანელის თქმით, ისინი 2017 წლიდან ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვნენ და მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ჩაის წარმოების პროცესსაც დაიწყებენ.

„კოოპერატივის დაარსებიდან და სახელმწიფო პროგრამაში ჩართვიდან დღემდე 15.6 ჰა-ზე გაშენებული გავერანებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოვახდინეთ, რაზეც ჯამში სახელმწიფოს თანადაფინანსებით 39 000 ლარამდე დაიხარჯა. ახლა იჯარით ვიღებთ 10.2 ჰა-ზე ჩაის პლანტაციას და ვიწყებთ უკვე მის რეაბილიტაციას“, - ამბობს თამარ გენძეხაძე.

26 ჰა-ზე გაშენებული პლანტაციები ხონის მუნიციპალიტეტში ორ ლოკაციაზეა განლაგებული. უკვე რეაბილიტირებული პლანტაციები ხონში მდებარეობს, ხოლო მეორე ნაწილი - სოფელ მათხოჯში. კოოპერატივში 5 წევრია გაერთიანებული და ისინი 2020 წელს ქართული, სხვადასხვა სახეობის წარმოებასაც გეგმავენ.

„წელს, სავარაუდოდ, აპრილ-მაისიდან, როგორც კი რეაბილიტირებული პლანტაციებიდან მივიღებთ ჩაის წარმოებასაც დავიწყებთ. ჩვენი წარმოებულ ჩაი „თამარის ჩაის“ ბრენდის ქვეშ გამოვა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა კონკრეტულად სად მოხდება რეალიზაცია, ამის თქმა ჯერ არ შეგვიძლია. ვაპირებთ მწვანე და შავი ჩაის წარმოებას; თეთრ ჩაის თუ დავამზადებთ საუკეთესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მიერ აღდგენილი პლანტაციები გვაძლევს საშუალებას ბიო ჩაი ვაწარმოოთ, თუმცა ბიოპროდუქტის სერტიფიკატი, ჯერჯერობით, რთული თემაა, ამაზე მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია“, - უთხრა BM.GE-ს კოოპერატივის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, წარმოების ასამოქმედებლად 20 000 დოლარის ინვეტიციას ჩადებენ და გაზაფხულისთვის საწარმო პირველი მოსავლის მისაღებად მზად იქნება.

„ჩვენ საწარმოს შენობაში 10 000 დოლარი გადავიხადეთ და მის კეთილმოსაწყობად დაახლოებით 10 000 დოლარის ინვესტიციის განხორციელება დაგვჭირდება. პროგრამის ფარგლებში მეორე, ანუ 2019 წელს ჩვენ საწრმოს შენობა შევიძინეთ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გადმოგვეცა წარმოებისთვის საჭირო დანადგარები“, - ამბობს თამარ გენძეხაძე.

წარმოებაზე საუბრისას, კოოპერატივის ხელმძღვანელმა ჩაის სექტორში არსებულ გარკვეულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ხელს უშლის იმის პროგნოზირებაში, თუ რა მოცულობს ჩაის გადამუშავებას და წარმოებას შეძლებს „თამარის ჩაი“.

„ზუსტად არ შემიძლია გითხრათ რა იქნება საწარმოს წარმადობა, მუშახელზეც არის დამოკიდებული. რამდენად მოვიძიებთ, რა ინტენსივობით იმუშვებენ, რამდენს მოვკრეფთ დღეში, ამიტომ გამიჭირდება ამის თქმა. საწარმოში დაახლოებით, 10-15 ადამიანი უნდა დასაქმდეს, რომ საწარმო გაიმართოს. მუშახელის მხრივ გარკვეულ სირთულეებს წავაწყდი, გასულ წელს გვყავდა ინვესტორი, რომელსაც ჩვენი პლანტაციებიდან ჩაი უნდა შეესყიდა და მოკრეფისთვის 1 კგ მაღალი ხარისხის ჩაიში მუშახელს 10 ლარს გადაუხდიდა, თუმცა ჩაი გლეხებმა არ მოკრიფეს, ვერ გეტყვით რატომ, არც გვესაუბრნენ ამაზე“, - აღნიშნა მან.

თამარ გენძეხაძე ამბობს, რომ დიდი გეგმები აქვთ. ამ დროისთვის მიმდინარეობს საექსპორტო ბაზრების მოძიება და შესწავლა, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს.

„სამომავლოდ ალბათ ექსპორტზეც გავალთ. ამის შესახებ ინფორმაციას უკვე ვიძიებ ევროპაში, რუსეთში, შუა აზიაში... გასაღების ბაზარი სხვადასხვა ხარისხის ჩაის შესაბამის ქვეყნებში აქვს. ვცდილობთ რომ ვიმუშავოთ ამ თემაზე, მარამ მანამდე ბევრი საკითხია მოსაგვარებელი“, - განაცხადა თამარ გენძეხაძემ და დასძინა: „რომ არა ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, ჩაის პლანტაციები უნდა გამეყიდა, მის რეაბილიტაციას ვერ შევძლებდი. ამ პროგრამით, ფაქტობრივად, ჩაი გადარჩა“. 

ცნობისთვის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართულ ჩაის” ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა, 2019 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 1,024 ჰა ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული, რაზეც პროგრამის ფარგლებში, 2.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 1 775 488 ლარს შეადგენს.