მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ გიორგაძის Raisin-ის აქტივების მოცულობა €50 მილიარდამდე გაიზარდა

თამაზ გიორგაძე

ქართველი ანტრეპრენიორის, თამაზ გიორგაძის მიერ გერმანიაში დაფუძნებული ფინტექ-კომპანიის, Raisin-ის მართვაში არსებული აქტივების მოცულობა, ბოლო ცხრა თვეში, 66%-ით გაიზარდა და €50 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ გიორგაძე “ლინქდინის” გვერდზე წერს და თან ურთავს Financial Times-ის სტატიას, რომლითაც ირკვევა, რომ Raisin-ის მრჩეველთა საბჭოს UBS-ის ყოფილი თავმჯდომარე და გერმანიის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, აქსელ ვებერი შეუერთდა.

გამოცემის ინფორმაციით, ახალ თანამდებობაზე მუშაობას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გერმანელი ბანკირი მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყებს. სტატიაში ვკითხულობთ იმასაც, თითქოს აქსელ ვებერი Raisin-ის თავმჯდომარეობის მთავარი კანდიდატიცაა. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ამ თანამდებობაზე ის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და Raisin-ის ადრეულ ინვესტორს, ლადო გურგენიძეს ჩაანაცვლებს, რომელიც მრჩეველთა საბჭოს წევრად დარჩება.

როგორც თამაზ გიორგაძე Financial Times-თან საუბრისას ამბობს, ათწლიანი გამოცდილება, რომელიც აქსელ ვებერმა სიმდიდრის მართვის მიმართულებით მიიღო, Raisin-ს ძალიან გამოადგება. “თუ დღეს, აშკარად, ქვედა საბაზრო სეგმენტში ვოპერირებთ, საინვესტიციო და საპენსიო პროდუქტების შემოთავაზებაც გვსურს”, - აღნიშნა გიორგაძემ, რომელმაც თქვა ისიც, რომ რა ხანია, რაც კომპანია ოპერაციულად მოგებიანია. Raisin-ის ფინანსური მაჩვენებლები გიორგაძეს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ Financial Times-ის ინფორმაციით, წელს, Raisin-ი $150 მილიონის შემოსავალს მიიღებს. საერთო ჯამში, დაფუძნების შემდეგ, კომპანიას 1.3 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო დეპოზიტებზე დარიცხულმა სარგებელმა €1 მილიარდს გადააჭარბა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, საშუალო საბაზრო სარგებელთან შედარებით, დაახლოებით €570 მილიონით მეტია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში, Raisin-მა €60 მილიონის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. იმ დროს, Raisin-ის ინვესტორებს შორის იყვნენ, როგორც ბრიტანულ საინვესტიციო კომპანია M&G Investments-ი, ასევე ერთ-ერთ უმსხვილესი ამერიკული ბანკი, Goldman Sachs-ი, რომელსაც Raisin-ში ინვესტიცია ამ დრომდეც ჰქონდა განხორციელებული. იმ ინვესტიციით, Raisin-ი საკუთარი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას და კომპანიის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაფართოების პროცესის დაჩქარებას გეგმავს, სადაც თამაზ გიორგაძის კომპანია ჯერ კიდევ 2020 წელს შევიდა და 2023 წლის მარტის მდგომარეობით, $1 მილიარდზე მეტი მოცულობის აქტივებს მართავდა.

თამაზ გიორგაძის თქმით, კომპანიის აქტივების მოცულობის ბოლოდროინდელი 66%-იანი ზრდის უდიდესი ნაწილი, სწორედ გერმანიის გარედან მოდის, მაგრამ კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან ან ქვეყნებიდან, ანტრეპრენიორს არ დაუკონკრეტებია. დღევანდელი მდგომარეობით, Raisin-ი გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ოპერირებს.

ცნობისთვის: Raisin-ი საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც დეპოზიტარებს მათთვის სასურველი ბანკების პოვნას უმარტივებს. Raisin-ი ჯერ კიდევ 2012 წელს, გერმანიაში დაფუძნდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები