გერმანულმა მედიაპლატფორმა Payment & Banking - PBA Experts-მა, საერთაშორისო ფინტეკ-კომპანიის, Raisin-ის ქართველი დამფუძნებელი და დირექტორი, თამაზ გიორგაძე, წლის ფინტექ-ანტრეპრენიორად დაასახელა. დაჯილდოება ბერლინში გამართული Fintech Triple Festival-ის ფარგლებში შედგა, რომელიც წელს მეათედ ჩატარდა.
როგორც მედიაპლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, წლის ანტრეპრენიორის ჯილდო თამაზ გიორგაძეს ინოვაციური ლიდერული მეთოდებისთვის ერგო, რომელიც მან ფინტექ-ინდუსტრიაში დანერგა. თამაზ გიორგაძის წარმატება, ცხადია, პირდაპირ უკავშირდება გერმანიაში მის მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დაფუძნებულ ფინანსურ-ტექნოლოგიურ პლატფორმა Raisin-ს, რომელიც დეპოზიტარებს მათთვის სასურველი ბანკების პოვნას უმარტივებს.
“Raisin-ი, რომლის შეფასება მილიარდ ევროს აღემატება, ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური სტარტაპია გერმანიაში, რომლის წარმატება, დიდწილად, Weltsparen-ის პლატფორმის შექმნასთანაა დაკავშირებული. ეს პლატფორმა, კერძო ინვესტორებს, სხვადასხვა ბანკების მიერ დეპოზიტებზე გაცემული შეთავაზებების შედარების და საზღვარგარეთ ფულის დაბანდების შესაძლებლობას აძლევს, სადაც საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში, უფრო მაღალია, ვიდრე გერმანიაში. ამასთან, Raisin-ი მომხმარებლებს თანხის შენახვის შესაძლებლობას ინდექს ფონდებში და კრიპტოვალუტებშიც სთავაზობს. კომპანია ოპერირებს არამხოლოდ გერმანიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ სხვა ევროპულ სახელმწიფოებში და ჯამში, მას 400-მდე პარტნიორი ბანკი ჰყავს”, - ვკითხულობთ Payment & Banking-ის მიერ მომზადებულ მასალაში.
წლის ანტრეპრენიორად დასახელებასთან დაკავშირებით, BMG თამაზ გიორგაძეს დაუკავშირდა. "დაჯილდოებამ, რა თქმა უნდა, გაგვახარა, რადგან ეს გასული წლების განმავლობაში გუნდის მუშაობის კიდევ ერთი დამოწმებაა", - აღნიშნა თამაზ გიორგაძემ.