2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა რეკორდული ტემპით, 44%-ით გაიზარდა და 745 მილიონ ლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით აღნიშნული თანხა 228 მილიონი ლარით მეტია.
თამბაქოს აქციზი ორ ნაწილად იყოფა, მათგან პირველია სტანდარტული აქციზური მარკა, რომელიც კოლოფზე 1.7 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა გადასახადის ადვალური კომპონენტი. ადვალური გადასახადი ცვლადია და ის თამბაქოს სარეალიზაციო ფასიდან დაითვლება და მთლიანი ღირებულების 30%-ს შეადგენს.
არსებული მდგომარეობით, ადვალური აქციზიდან მიღებული თანხა ფიქსირებულ აქციზს აჭარბებს. 2024 წლის პირველ შვიდ თვეში ადვალური აქციზიდან შესული თანხა 385 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფიქსირებული აქციზიდან 336 მილიონი ლარი.
შესაბამისად, თუკი არსებული მდგომარეობით კონკრეტული პროდუქტის სარეალიზაციო ფასი 8 ლარია, მასში 4.1 ლარი ფიქსირებულ და ადვალურ აქციზზე მოდის (1.70+2.40 ლარი), შესაბამისად აქციზის წონა საბოლოო ფასის 51%-ია. ამას ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი (სარეალიზაციო ფასის 18%), რომელიც 1.44 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ამ სამი გადასახადის - აქციზის და დღგ-ს ჯამი 5.54 ლარია (საბოლოო ფასის 69%).