თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მხარეთა კონფერენცია (COP11), რომელიც ნოემბერში, ჟენევაში გაიმართა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენა იყო თამბაქოს კონტროლის სტრატეგიასთან დაკავშირებით. მაიკლ ლანდლს, World Vapers Alliance-ის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ ზიანის შემცირების გლობალურ პოლიტიკაში სიახლეებთან დაკავშირებით.
- თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეების კონფერენცია (COP11) ჟენევაში, ნოემბერში გაიმართა. რა იყო შეხვედრის მთავარი პრიორიტეტები და თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურად უპასუხა ჯანმო-მ გლობალური ჯანდაცვის მიზნებსა და თითქმის ერთი მილიარდი მწეველის ინტერესებს?
COP11-ის შედეგები საკმაოდ გასაკვირი იყო, რადგან ჩვენ ვნახეთ პირველი ბზარები ჯანმო-ს ფილოსოფიაში. წარსულში, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ უფრო მკაცრი რეგულაციების და გარკვეული პროდუქტების აკრძალვისკენ სწრაფვას. მათ ეს ზომები COP11-ის წინაც შემოგვთავაზეს და ვფიქრობ, ისინი ელოდნენ, რომ ის გაივლიდა დამატებითი კითხვების გარეშე.
მხარეთა კონფერენციაში მონაწილეთა ქვეყნებმა თამბაქოს ზიანის შემცირებაზე ისაუბრეს. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციაში სამი ძირითადი საყრდენის, მიწოდების, მოთხოვნისა და ზიანის შემცირების ღონისძიებების შესახებ წერია. თუმცა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ზიანის შემცირების ნაწილი მთლიანად დაიკარგა და ჯანმოც კი ებრძოდა მას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელშეკრულებაშია.
დღესდღეობით, ჩვენ ასევე გვაქვს რეალური მაგალითები მთელი ქვეყნებისა, სადაც ვხედავთ, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების მიდგომა მუშაობს. წარუმატებელი აკრძალვითი დღის წესრიგის ნაცვლად, მათ უნდა მიჰყვნენ ამ მაგალითებს.
- იმისთვის, რათა რეგულაციები გამართლებულად ჩაითვალოს, ისინი დასახული მიზნების მიღწევის ეფექტურობის თვალსაზრისით უნდა გაიზომოს. ჯანმო უკვე მრავალი წელია გასცემს თამბაქოს კონტროლის რეკომენდაციებს. რამდენად ატარებს ჯანმო ამჟამად კვლევებსა და შეფასებებს ამ რეკომენდაციების გასაზომად?
უპირველეს ყოვლისა, თუ ჯანმო სერიოზულადაა დაინტერესებული მოწევის პრევალენტობის შემცირებით და იდეოლოგიით არ იქნება განმსჭვალული, ისინი შეხედავდნენ ქვეყნების რეალურ შედეგებს, გაანალიზებდნენ რას აკეთებენ და რისი სწავლა შეიძლება მათგან. რეალურად, ჯანმო უგულებელყოფს ამ ქვეყნების შედეგებს, რადგან ისინი წარმატებულნი არიან ჯანმოს რეკომენდაციებისგან განსხვავებული მიდგომების კეთებით. კერძოდ, ისინი არ კძალავენ სიგარეტთან შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივებს და პირიქით, ალტერნატივების მხარდასაჭერად კონკრეტულ ზომებს იღებენ.
საუკეთესო მაგალითია შვედეთი მოწევის 5.3%-იანი მაჩვენებლით. ეს ქვეყანა თითქმის თავისუფალია თამბაქოს კვამლისგან. ჯანმო მოწევისგან თავისუფალ ქვეყნად 5%-ზე დაბალი მოწევის მაჩვენებლს განსაზღვრავს. შვედეთი ამას რისკის პროპორციული რეგულირებით აკეთებს. კერძოდ, პროდუქტები, რომლებიც უფრო მავნეა, როგორიცაა სიგარეტი, რეგულირდება და იბეგრება უფრო მკაცრად, ვიდრე სიგარეტთან შედარებით ნაკლებად მავნე პროდუქტები. შვედეთში ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაციის კვალდაკვალ, სიგარეტის მწეველთა რაოდენობა მნიშვნევლონად არის შემცირებული. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზიანის შემცირების მიდგომას სრულიად უგულებელყოფს.
კიდევ ერთი კარგი მაგალითი არის ახალი ზელანდია, სადაც მოწევის პრევალენტობა 2017-18 წლის 15%-დან 2022-23 წლებში 6.8%-მდე დავიდა, რაც 5 წელიწადში 55%-მდე შემცირებაა. ახალი ზელანდია თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას უჭერს მხარს და შესაბამისად, თამბაქოსა და ნიკოტინის უკვამლო პროდუქტების მიმართ რისკის პროპორციული რეგულირება დანერგეს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ფისკალურ ნაწილში. ასევე, წარმატებული მაგალითია იაპონია, რომელმაც 10 წელში სიგარეტის გაყიდვები გაანახევრა. ასე რომ, თქვენ ხედავთ ქვეყნებს, რომლებიც წარმატებას მოწევის პრევალენტობის შემცირებაში საკმაოდ სწრაფად განიცდიან. ხოლო ქვეყნები, რომლებიც მიჰყვებიან ჯანმო-ს შეზღუდვისა და აკრძალვის მიდგომას, მაგალითად, ინდოეთი ან ავსტრალია, ისინი ხედავენ საპირისპიროს - სტაგნაციას მოწევის მაჩვენებლებში ან თუნდაც, მოწევის მაჩვენებლების ზრდას. ამჟამად, ავსტრალიაში კრიმინალური ბანდები და თამბაქოს არალეგალური, შავი ბაზარია განვითარებული. ასე რომ, ძალიან ადვილია იმის დანახვა, თუ რა მუშაობს, თუმცა, ეს ჯანმოსგან მეტ ღიაობას მოითხოვს.
- თქვენ ახსენეთ მოწევის პრევალენტობის შემცირების წარმატებული მაგალითები. თქვენი შეფასებით, რისკის პროპორციული დაბეგვრას რა გავლენა აქვს თამბაქოს ზიანის შემცირების მიდგომის წარმატებაში?
ჩვენი თვალსაზრისით, მოწევის თავის დანებებისთვის მწეველს ძირითადად ორი სტიმული აქვს: პირველი, ჯანმრთელობის და მეორე, ფინანსური მიზეზების გამო. პირველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მწეველების ინფორმირება, რომელიც ნიკოტინის უკვამლო პროდუქტებზე ხელმისაწვდომი მეცნიერული მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელია. მეორე, მწეველი ასევე უყურებს ფასს - სიგარეტთან შედარებით ნაკლებად მავნე ნიკოტინის უკვამლო პროდუქტის ნაკლებად დაბეგვრის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს სიგარეტისთვის თავის დანებების ფინანსური სტიმული. შვედეთი უკვე ვახსენეთ - მათ აქვთ რისკის პროპორციული დაბეგვრა, და ის მართლაც კარგად მუშაობს.
- თამბაქოს ზიანის შემცირების კონტექსტში, რა გავლენა აქვს მითებსა და ნიკოტინის უკვამლო პროდუქტებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ზუსტმა და მეცნიერულად დადასტურებულმა მტკიცებულებებმა ფართო საზოგადოებამდე მიაღწიოს?
მითებსა და არასწორ წარმოდგენებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესზე ძალიან დიდი გავლენა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეგულაციები იმდენად მკაცრად ან გაურკვევლად არის დაწერილი, რომ პრაქტიკაში შეუძლებელი ხდება მეცნიერულ არგუმენტებზე საუბარი.
პრობლემა უფრო ღრმაა: მითები და დეზინფორმაცია იმდენად გავრცელებულია, რომ თვითონ მწეველებიც კი ვერ იღებენ ზუსტ სურათს. საერთაშორისო გამოკითხვამ აჩვენა, რომ 28 ქვეყანაში 30,000 მწეველიდან 74% ფიქრობს, რომ ვეიფინგი სიგარეტის მოწევის ტოლფასია ან კიდევ უფრო მეტად საზიანოა—რაც ფაქტობრივად მცდარია. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ადამიანი ვერ გადაერთვება სიგარეტთან შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივაზე, თუ ის ვერ ხედავს რეალურ განსხვავებას რისკებს შორის.
ამდენად, საჭიროა, რომ მთავრობებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებმა უფრო პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე როლი ითამაშონ. ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც სამეცნიერო მტკიცებულებები და რისკების შედარება თავმოყრილია. საბოლოოდ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია და მკაფიო რეგულაციები ეფექტიანად მოემსახურება საზოგადოების ინფორმირებას.




























