თანაინვესტირების ფონდის ბენეფიციარი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის "გალერია ჰოლდინგის" მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.
"2023 და 2022 წლის 31 დეკემბრისთვის მშობელ კომპანიას სრულად ფლობდა GCF Luxemburg (რეგისტრირებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში) და ჰოლდინგის საბოლოო მშობელი კომპანიაა GCF LP (რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე), რომელიც საბოლოოდ კონტროლდება კერძო პირის, ეკატერინე ხვედელიძის მიერ,"- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
"თანაინვესტირების ფონდი" 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ფონდი ფლობს და მართავს აქტივებს უძრავი ქონების მენეჯმენტის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში. ამასთან, ფონდი ჩართულია ენერგეტიკის პროექტების განვითარებაშიც, 2024 წლის ივლისში კი ცნობილი გახდა, რომ ფონდმა გაყიდა ენერგეტიკის სექტორში მისი მშენებარე პროექტი "მტკვარი ჰესი", თუმცა აღნიშნული გარიგების ღირებულება უცნობია.
თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდის თანახმად, ფონდის არსებული პროექტებია:
უძრავი ქონება
- გალერია თბილისი - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 84 მლნ აშშ დოლარი
- აქსის თაუერსი - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 154 მლნ აშშ დოლარი
სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა
- საქართველოს სათბურის კორპორაცია - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 29 მლნ აშშ დოლარი
- ქართული აგრო სახლი - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 780,000 აშშ დოლარი
- გეოაგრო - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 17 მლნ აშშ დოლარი
წარმოება
- ჰაიდელბერგ ცემენტი - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარი.
"თანაინვესტირების ფონდი" ასევე ახორციელებს "ტურიზმის განვითარების ფონდის" საკუთრებაში არსებული პროექტების მართვას, თავის მხრივ ტურიზმის განვითარების ფონდი "ქართუ ფონდის" საკუთრებაში შემავალი ფონდია.
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებია:
1) პარაგრაფ შეკვეთილი - $ 130 მლნ;
სტატუსი: დასრულებულია
2) პარაგრაფ თბილისი - $161 მლნ;
სტატუსი: დასრულებულია
3) პარაგრაფ აბასთუმანი - $87 მლნ;
სტატუსი: დასრულდება 2026 წელს
4) პარაგრაფ თაბორი - $174 მლნ;
სტატუსი: დასრულდება 2025 წელს
5) სასტუმრო სიღნაღში - $56 მლნ;
სტატუსი: დასრულების ვადა 2024 წელს;
6) გამაჯანსაღებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე - $123 მლნ;
სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)
7) სასტუმრო განმუხურში - $60 მლნ;
სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)
8) სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში - $115 მლნ-ის ინვესტიცია.
სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)"- ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის პასუხში.
3 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შეიცვალა "თანაინვესტირების ფონდის" CEO და აღნიშნულ პოსტზე ცოტნე ებრალიძე დავით გალუაშვილმა ჩაანაცვლა.