2024 წელს 198-მა მაღალჩინოსანმა ჯამში 12 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო, რომელთა შორის უძრავი ქონება, დიდი ოდენობით ნაღდი ფული და იარაღიც ფიქსირდება - ამის შესახებ საუბარია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის იანვარ-აგვისტოში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ეფუძნება.
ანგარიშის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა საჩუქრები მიიღეს თანამდებობის პირებმა 2024 წელს. კვლევა ასახავს არა მხოლოდ საჩუქრების მოცულობას, არამედ იმ ტენდენციებსაც, რომლებიც სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტზე ან კანონის შესაძლო გამოყენებით შემოსავლის "გათეთრებაზე" მიუთითებს.
2025 წელს შევსებული დეკლარაციებით ირკვევა, რომ 198 საჯარო მოხელემ 2024 წლის განმავლობაში 12,000,000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღო. 30 მათგანი იგივე პირები არიან, ვის მიერაც 2023 წელსაც დეკლარირებდა ძვირად ღირებული საჩუქრები. ჯამში ამ ორ წელიწადში მათ 3.7 მლნ ლარის ღირებულების ქონება ან თანხა აჩუქეს.
ვინ მიიღო ყველაზე მეტი საჩუქარი 2024 წელს TOP-10
(საჩუქრები დეკლარაციაში ასახულია 2025 წლის იანვარ-აგვისტოში)
| # | სახელი, გვარი | თანამდებობა | მიღებული საჩუქრის ღირებულება (ლარი) | საჩუქრის წარმომავლობა |
|---|---|---|---|---|
| 1 | გიორგი კუჭუხიძე | განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი | 528,142 ლარი | მამისგან |
| 2 | გიორგი ღიბრაძის მეუღლე (თამარ ბიწაძე) | ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე (ყოფილი) | დაახლოებით 459,000 ლარი (170,000 დოლარი) | დედისგან |
| 3 | მამუკა ვასაძე | უზენაესი სასამართლოს მოსამართლე | დაახლოებით 406,500 ლარი (150,000 დოლარი) | დედისგან |
| 4 | ირაკლი შენგელიას მეუღლე (ლანა თევზაძე) | თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე | დაახლოებით 406,500 ლარი (150,000 დოლარი) | მეუღლისგან |
| 5 | ნინო ბაგაშვილი | სსიპ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსი | დაახლოებით 352,300 ლარი (130,000 დოლარი) | მშობლისგან |
| 6 | იოსებ ჭელიძე | შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (2025 წლის ივნისამდე) | დაახლოებით 333,300 ლარი | მამამისისგან მიღებული სამი უძრავი ქონება |
| 7 | ლევან წიტაიშვილი | სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე | დაახლოებით 317,000 ლარი (78,500 დოლარი) | მამისგან |
| 8 | ნიკა უნდილაშვილი | ელგუჯა უნდილაშვილის შვილი (დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) | 300,000 ლარი | მამისგან |
| 9 | დავით ონოფრიშვილი | სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსი | 248,000 ლარი | დედისგან, დისგან |
| 10 | კახაბერ ესებუა | თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველოს უფროსის მოადგილე | 247,199 ლარი | დედისგან |
აღსანიშნავია, რომ 127-მა პირმა ნაღდ ფულად საშუალოდ 52,000 ლარი მიიღო. ამ თანხების ნაწილი დოლარსა და ევროშია მითითებული. 2024 წელს მიღებული თანხებიდან 4.6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 200 ათასი ევროში.
საჩუქრების წარმომავლობა
- მშობლებისგან — 7.5 მლნ ლარი (61%)
- შვილებისგან — 1.8 მლნ ლარი
- ძმა/დასისგან — 1 მლნ ლარი
- ნათესავებისგან — 621 ათასი ლარი
აღსანიშნავია, რომ TI-სვე კვლევის მიხედვით 2022 წელს თანამდებობის პირებმა ₾22 მილიონის ღირებულების საჩუქრები მიიღეს.




























