2024 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 308-მა თანამდებობის პირმა 2023 წელს საჩუქრად ჯამურად 22 მლნ ლარის ქონება მიიღო.
თანამდებობის პირებმა ერთ წელიწადში ₾22 მილიონის ღირებულების საჩუქრები მიიღეს
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჩაატარა და 6,000-მდე საჯარო მოხელის დეკლარაცია გააანალიზა. ორგანიზაციის მიზანი იყო გაერკვია, რა მოცულობის საჩუქრები მიუთითეს თანამდებობის პირებმა 2023 წლის განმავლობაში, რაც 2024 წელს აისახა მათ ქონებრივ დეკლარაციებში.
საყურადღებო ფაქტები კვლევიდან:
- ნაღდი ფულადი საჩუქრები – 16,036,408 ლარი
- უძრავი ქონება – 33 ბინა და 14 მიწის ნაკვეთი
- მოძრავი ქონება – 21 ავტომობილი
- იარაღი – 6 ერთეული
აღსანიშნავია, რომ საჩუქრების 72% (დაახლოებით 16 მლნ ლარი) საჯარო მოხელეებმა მშობლებისგან მიიღეს.
საჯარო სექტორის თანამშრომლებიდან ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქრები პროკურატურის თანამშრომლებმა მიიღეს – 46 პირმა ჯამში 4.5 მლნ ლარის ქონება და ფულადი თანხა დაადეკლარირა.
შემდეგ მოდიან:
- პარლამენტის წევრები – 15 პირმა 2.4 მლნ ლარის საჩუქრები
- შსს-ს თანამშრომლები – 31 პირმა 2 მლნ ლარის ღირებულების
- მოსამართლეები – 21 პირმა 1.3 მლნ ლარის ქონება და თანხა
100,000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მაღალი თანამდებობის პირებმა მიიღეს
დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ მსხვილი საჩუქრები მიიღეს მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის:
- ირაკლი ღარიბაშვილი (ყოფილი პრემიერი) – 150,000 ლარი;
- რატი ბრეგაძე (ყოფილი იუსტიციის მინისტრი) – ბინა, ღირებულებით 100,000 დოლარი;
- ბუბა ლომუაშვილი (იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე) – 160,000 ლარი;
- გიორგი ტყემალაძე (საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე) – 60,000 დოლარი;
- გიორგი მიქაუტაძე (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე) – 50,000 დოლარი.
საინტერესოა, რომ ყველა მათგანმა საჩუქარი ოჯახის წევრებისგან მიიღო, რაც არსებული რეგულაციების ფარგლებში დაშვებულია.
უკანონო გამდიდრების პრევენციის მიზნით, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. მათ ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება.
შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. ეს გამონაკლისი ლოგიკური შეიძლება იყოს, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საფრთხე, რომ სათანადო ზედამხედველობის არ არსებობის შემთხვევაში, ეს გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ, ანუ კანონის დარღვევით მიღებული შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურე მსხვილ საჩუქარს (დიდი ოდენობით თანხა ან მაღალი ღირებულების ნივთები, მომსახურება) ადეკლარირებს, ანტიკორუფციულმა ბიურომ შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას.
2023 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა - 150,000 ლარი, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ - 100,000 დოლარი (ბინა), იუსტიციის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა - 160,000 ლარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ - 60,000 დოლარი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ - 50,000 დოლარი. ყველა მათგანმა საჩუქარი ოჯახის წევრისგან მიიღო.
10 თანამდებობის პირი, რომელმაც 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:
- გიორგი შაფათავა (საქართველოს პროკურატურა, თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი)
გიორგი შაფათავამ 1,012,000 დოლარი (2023 წლის ლარის საშუალო კურსით 2,661,600 ლარი) მიიღო საჩუქრად. 870,000 დოლარი მამისგან მიიღო, ხოლო 142,000 დოლარი დისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მამისგან საჩუქარი უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიიღო;
- ირაკლი კირცხალია (საქართველოს პარლამენტის წევრი)
ირაკლი კირცხალიამ 2023 წელს 250,000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად. ასევე, მამისგან მიიღო საჩუქრად 185,900 დოლარი და 137,000 ლარი ფულადი თანხა. დისგან მიიღო 1,714 დოლარი ფულადი თანხა. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, ირაკლი კირცხალიამ 1.3 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო;
- ვახტანგ ბააკაშვილი (სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე)
ვახტანგ ბააკაშვილის მეუღლემ თინათინ მეგრელიშვილმა მამისგან 295,000 დოლარის ღირებულების ბინა მიიღო საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 775,800 ლარია;
- ხათუნა თოთლაძე (საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე)
ხათუნა თოთლაძემ 250,000 დოლარი მიიღო დედისგან, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 657,500 ლარია;
- დავით წერეთელი (თბილისის საქალაქო სასამართლო, მოსამართლე)
დავით წერეთელმა 2023 წელს 156,000 დოლარის ღირებულების ბინა მიიღო დედისგან საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 410,000 ლარია;
- ლევან გამყრელიძე (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი)
ლევან გამყრელიძემ 150,000 დოლარის ფულადი თანხა მიიღო დედისგან საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 395,000 ლარია. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიიღო;
- ზურაბ პატარაძე (საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი)
ზურაბ პატარაძემ 75,000 დოლარი ფულადი თანხა მეუღლის დედისგან მიიღო, ხოლო 65,000 დოლარი დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ორივე თანხა უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, ზურაბ პატარაძემ 368,000 ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო;
- სანდრო ცაბუტაშვილი (შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი)
სანდრო ცაბუტაშვილმა დისგან მიიღო 142,500 ლარის და 17,640 დოლარის ფულადი თანხა. 70,000 ლარი სიმამრისგან მიიღო (მითითებულია, როგორც საქორწინო საჩუქარი). მისმა მეუღლემ ელენე ჯიხვაშვილმა მამისგან მიიღო 63,000 ლარის, 10,100 ევროს და 1,200 დოლარის ფულადი თანხები. 2023 წლის ლარის საშუალო კურსით, სანდრო ცაბუტაშვილმა და მისმა მეუღლემ 353,000 ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღეს;
- ვეფხია ლომიძე (თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე)
ვეფხია ლომიძემ მეუღლესგან ნინო ჯინჭარაძესგან 300,000 ლარის ღირებულების სარდაფი (კომერციული ფართი) მიიღო საჩუქრად;
- დავით ზილფიმიანი (საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი)
დავით ზილფიმიანმა შვილიშვილისგან 105,000 დოლარის ფულადი თანხა მიიღო საჩუქრად, რაც 2023 წლის ლარის საშუალო კურსით 276,000 ლარია;




























