მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თანამედროვე ხელოვნების რა ნიმუშები იქნება წარმოდგენილი ნიუ-იორკის აეროპორტის ახალ, $9.5 მილიარდიან ტერმინალში

JFK Terminal 1
29.10.25 23:22
359

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება, ხოლო მომავალი წლიდან ტერმინალი ეტაპობრივად გაიხსნება. ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობაც 9.5 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება, თითქმის 250 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული, 23 გეითის საშუალებით წლიურად 23 მილიონი მგზავრის მომსახურებას გეგმავს და სრულად საერთაშორისო ფრენებს დაეთმობა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ტერმინალში მასშტაბური ნამუშევრები იქნება გამოფენილი, რომლებსაც შვიდი თანამედროვე ხელოვანი, დაკვეთით შეასრულებს. ესენია ინკა შონიბარე, კელი აკაში, ტომას სარაჩენო, ილანა სავდი, ჯული კურტისი, ფირელეი ბაეზი და ვუდი დე ოტელო.

ვიდრე საზოგადოების წინაშე ზუსტ რენდერებს წარადგენენ, თუ რა სახით ინტეგრირდება სახვითი ხელოვნება ტერმინალის სივრცეში, გადავხედოთ შერჩეული არტისტების შემოქმედებას.

ინკა შონიბარე

ინკა შონიბარე, ბრიტანელ ნიგერიელი ხელოვანი ხელით მოხატული ცხრა ფრანისგან შემდგარ ინსტალაციას შექმნის. ინსტალაცია ქუინსის უბნის კულტურულ მრავალფეროვნებას და მემკვიდრეობას გაუსვამს ხაზს, იმ უბნის სადაც აეროპორტი მდებარეობს.

კელი აკაში

კელი აკაში, სკულპტორი ლოს-ანჯელესიდან ბრინჯაოს ხელიდან ამოსულ, ადგილობრივი ყვავილების თითქმის ექვს მეტრიან ქანდაკებას შექმნის.

ტომას სარაჩენო

არგენტინელი ტომას სარაჩენო ჰაერში გამოკიდებულ ირიდესცენციური ფორმების ინსტალაციას შექმნის, სერიიდან ღრუბელი ქალაქები.

ილანა სავდი

ილანა სავდი, მხატვარი ბრუკლინიდან, მასშტაბურ მოზაიკას შექმნის, რომელიც მოგვიყვება თუ როგორი ზეგავლენა აქვთ ნიუ-იორკის მცხოვრებლებს მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.

ფირელეი ბაეზი

დომინიკელი ფირელეი ბაეზი აკვატური თემატიკის ჭერის მხატვრობას შექმნის, რომელიც ნიუ იორკის ისტორიულ რუკებზე იქნება დატანილი.

ჯული კურტისი

ფრანგი ჯული კურტისის მოზაიკები კი მასიური ხელები იქნება, რომლებსაც ნიუ-იორკის კულტურული სიმბოლოები ეჭირება ხელში.

ვუდი დე ოტელო

ბოლოს კი სან ფრანცისკოელი ვუდი დე ოტელო, რომელიც ნიუ იორკისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა საგნებს შექმნის (მათ შორის ქუჩის განათებას და ტელეფონებს), რომლებიც ბარგის კარუსელების თავზე იქნება დაკიდებული.

ხელოვნების ნიმუშების გარდა ტერმინალში წარმოდგენილი ბრენდინგი და აბრები დიზაინერული ფირმა Pentagram-ის მიერ იქნება შემუშავებული, ხოლო ვიდეომასალა კრეატიული სტუდია Gentilhomme-ის და იამაიკის ხელოვნებისა და სწავლების ცენტრის მიერ იქნება მომზადებული.

“ხელოვნება, რომელიც შთააგონებს და რეგიონის შესახებ მოგვითხრობს ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. სტრატეგია მსოფლიო დონის აეროპორტების შექმნას ისახავს მიზნად, რომლებიც თავისთავადაც ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდება",- განაცხადა რიკ კოტონმა, Port Authority-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კომპანიის, რომელიც ნიუ-იორკის ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას ოპერირებს, მათ შორის სამ მსხვილ აეროპორტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები