BAG ხელოვნური ინტელექტის კვლევის თანახმად, კომპანიებმა შეაფასეს ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენა მათ საქმიანობაზე. რესპონდენტთა უმრავლესობისთვის მთავარ პოზიტიურ შედეგს დროის დაზოგვა და პროცესების დაჩქარება წარმოადგენს (79%).
2026 წლის II კვარტალის გამოკითხვაში, კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების და ბიზნესპროცესებზე მისი გავლენის შესაფასებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კითხვარში დამატებითი კითხვები ინტეგრირდა.
კითხვაზე, რომელია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მთავარი პოზიტიური შედეგი, პასუხები ასეთია:
- დროის დაზოგვა და პროცესების დაჩქარება — 79%
- ადამიანური შეცდომების შემცირება — 11%
- მომსახურების/პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება — 5%
- ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ მიგვიღია — 3%
- ფინანსური ხარჯების შემცირება — 3%
რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გავლენას თანამშრომელთა რაოდენობაზე, კომპანიების 79%-ის აზრით, თანამშრომელთა რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა შემცირდა მათ მიერ შესრულებული რუტინული სამუშაო. კომპანიების 13%-ის შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტს თანამშრომელთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია, 5%-მა შტატები გაზარდა, ხოლო 3%-მა შეამცირა.

რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტებს, გამოკითხული კომპანიების 50% იყენებს მზა, გლობალურ პლატფორმებს, 26% - შიდა რესურსებით დატრენინგებულ საკუთარ AI მოდელებს, ხოლო 24% - სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.
კომპანიების შეფასებით, ქართულ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობაა (30%). მას თანაბარი წილით მოსდევს ქართული ენის მხარდაჭერის ნაკლებობა ტექნოლოგიებში (16%) და მონაცემების სიმცირე ან მათი გაუმართავი სტრუქტურა (16%).
რაც შეეხება კომპანიების სამომავლო გეგმებს, მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში, გამოკითხული კომპანიების 65% გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში ინვესტიციების გაზრდას, 18% არ გეგმავს ამ მიზნით ბიუჯეტის გამოყოფას, ხოლო 16% ინვესტიციებს არსებულ ნიშნულზე შეინარჩუნებს.




























