მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თანამშრომლებისთვის მწვავე იყო ამის მოსმენა" - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

რესპუბლიკური საავადმყოფო

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

დღესვე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდნენ და რეაბილიტაციის პროცესში საკომპენსაციო პაკეტი და ახალი სამსახურების მოძიებაში დახმარება შესთავაზეს.

საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა თავართქილაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თანამშრომლებისთვის მწვავე იყო შეთავაზებების მოსმენა. თუმცა ყველა თანხმდება, რომ შენობას რეაბილიტაცია ესაჭიროება.

"გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. ბატონი ილია ღუდუშაური და სამინისტროდან კოლეგები იყვნენ მოსული. შეხვედრა მოხდა კლინიკის უმეტეს ნაწილთან. გაგვაცნეს განკარგულება. რა თქმა უნდა თანამშრომლებისთვის მწვავე იყო ამის მოსმენა. ასევე სამინისტრომ ნაწილობრივ მოიტანა კომპენსაციების პაკეტი, რომლის განხორციელებასაც გეგმავს. ცხადია ასეთ ფორმატში ეს სრულად ვერ მოესწრებოდა. საუბარია დაახლოებით 650 თანამშრომელზე, რომლებიც დასაქმებული არიან როგორც კლინიკურ, ასევე ადმინისტრაციულ ნაწილში. კომპენსაცია შეეხება ყველას. საუბარია, 4-დან 12 თვემდე ხელფასის ტოლ კომპენსაციებზე. ასევე, დასაქმებაში დახმარებას. იმ პოზიციებზე, რაც ახლა უკავიათ.

ეს ჩემთვისაც სიახლე იყო და ტელევიზიით გავიგე. ყველა ხედავს, რომ შენობა არის ძალიან ავარიული , ფასადი დაზიანებულია, რის გამოც გადაკეტილია შენობის წინა პერიმეტრი. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა რამდენიმე კვირის წინ შენობიდან მინის ვარდნა. ფასადი მოსახსნელია. უნდა აშენდეს ახალი და ბევრად უფრო უკეთესი სახელმწიფო კლინიკა, ამაზე ყველა ვთანხმდებით.

დირექტორის მოადგილემ ვერ უპასუხა შეკითხვას მშენებლობის ვადებზე, აშენდება თუ არა დამატებით ტერიტორიაზე სხვა შენობა, ეხება თუ არა, საკომპენსაციო შეთავაზება მას და ა.შ.

,,კონკრეტულ პასუხებს ამ ეტაპზე ვერ გაგცემთ ვერაფერზე", - თქვა თეა თავართქილაძემ.