მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თანამშრომლებს 100%-იან ხელფასს ვერ ვუხდით“ – ტურისტული კომპანიები დამატებით შეღავათებს ითხოვენ

5f7767fd756eb
თამთა ჯიჯავაძე
02.10.20 22:00
1334
ტურისტული კომპანიები დამატებით შეღავათებს ითხოვენ. ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ Grata DMC-ის გენერალურმა დირექტორმა, ირმა კოდუამ და კომპანია BTL-ის მმართველმა პარტნიორმა, მაია ბიბილურმა ისაუბრეს.

მათი განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიას რეაბილიტაციისთვის 3 წელი დასჭირდება, ამიტომ კარგი იქნება, თუკი ხელისუფლება მხარდაჭერის მომავალ პაკეტებში გაითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ზოგი ინდუსტრია მეტად დაზარალდა პანდემიის გავლენით და ზოგი - ნაკლებად.

„არ შეიძლება ყველა სექტორისთვის ერთნაირი საშეღავათო პირობების შეთავაზება, მით უფრო როცა ტურიზმი ისეთი ქვეყნისთვის როგორც საქართველოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ახლა თუ ჩაიძირა ეს კომპანიები, შეიძლება ვერასდროს აღდგნენ ისე, როგორც პანდემიამდე იყვნენ. აქედან გამომდინარე, ტურიზმის ინდუსტრიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და დამატებითი შეღავათები შემუშავდეს“, – აცხადებენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.

მათივე თქმით, უნდა გადავადდეს საშემოსავლო გადასახადი და ასევე იპოთეკური სესხები უნდა გადავადდეს ფიზიკური პირებისთვის, ვინაიდან თანამშრომლებს ისინი 100%-იან ხელფასს ვერ უხდიან.

„გვაქვს ნათელი გეგმა იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან ტურისტული სექტორი ნაკლებ დაზარალებული გამოვიდეს, მაგალითად: საშემოსავლო გადასახადები. საერთაშორისო პრაქტიკით ამ ტიპის გადასახადი 1,5-2 წლით გადავადდა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ არსებული ფულადი სახსრები არა გადასახადებში, არამედ ბიზნესის გადასარჩენად გამოიყენონ. ქართულ ტურისტულ კომპანიებს კი უწევთ ნოემბერში საშემოსავლო გადასახადების გადახდა, რომელიც მძიმედ დააწვება ისედაც პრობლემებით დამძიმებულ სექტორს. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ თანხების მობილიზაციისთვის სექტორს მოუწევს კადრების შემცირება, რადგან სხვა შემოსავალი ამ ეტაპზე არ აქვს. ეს გამოიწვევს კიდევ მეტ უმუშევარ ადამიანს ქვეყანაში.

ტურისტული ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დაუბეგრავი მინიმუმის 1200 ლარამდე აწევა, ხოლო პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტის 5000 ლარამდე, ეს საშუალებას მისცემს კომპანიების იმ მცირედ რაოდენობას, რომელმაც შეძლო კადრების შენარჩუნება, ისარგებლონ საგადასახადო შეღავათით და კიდევ რამდენიმე თვით გაუხანგრძლივონ თანამშრომლებს ანაზღაურების გადახდა“, – აცხადებენ ტურისტული კომპანიები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები