მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თაობას მოუსპეს განათლების მიღების შესაძლებლობა“ - რატომ ჭიანურდება სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი?

ჩერქეზიშვილი

ახალ სასწავლო წელს საქართველოს განათლების სისტემისთვის კვლავ ძველი პრობლემით დაიწყო. წლობით გაჭიანურებული რეაბილიტაციის გამო, ათობით სკოლა დღემდე სხვა სკოლაშია შესახლებული და მოსწავლეებს სახლებიდან მოშორებით, მეორე და ხშირად მესამე ცვლაში სიარული უწევთ. ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ცარიელი სკოლის წინ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ თბილისის 157-ე სკოლის მოსწავლეები და მშობლები.

“ლელოს” წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ სკოლების ნაწილში წლებია ტენდერი არ ცხადდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ადგილი აქვს კონტრაქტების გახანგრძლივებას.

„არ არის პოლიტიკური ნება, განათლება არ არის პრიორიტეტი და ამის დასაბუთება შეიძლება მაგ. მე-11 სკოლის მაგალითზე, რომელიც უკვე მეექვსე წელია არ ფუნქციონირებს. მის გარშემო არაერთი მრავალსართულიანი კომპლექსი აშენდა და ამ ფონზე 6 წელია სამსართულიანი სკოლა - არა. ასეთი კი უამრავია.

პრობლემაა რომ ამ ტენდერებს, რომელსაც სამინისტრო ან მუნიციპალური ფონდი აცხადებს იგებენ ერთი და იგივე კომპანიები, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები. ესენი იგებენ ტენდერებს თბილისშიც, ჩოხატაურშიც და სხვაგანაც. მერე ვერ აუდიან, ტოვებენ შუა გზაზე და ამ პროცესში გააწამეს ბავშვები, ფაქტობრივად გენოციდი მოუწყვეს ბავშვებს. მეორე და მესამე ცვლაში უწევთ მათ სიარული და ზოგიერთ სკოლაში ნაძალადევის რაიონში ისევ შემოიტანეს ონლაინ სწავლება. ფაქტობრივად თაობას მოუსპეს განათლების მიღების შესაძლებლობა.

ბოლო წლების განმავლობაში დავთვალე და 50 მლნ ლარზე მეტია დახარჯული მხოლოდ ამ ბავშვების ტრანსპორტირებაში. ყველა ამ ტენდერსაც იგებს ერთი და იგივე კომპანია და უნდა ნახოთ მათი სამარშრუტო ტაქსები, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აქ დასაქმებულები არიან „ქართული ოცნების“ აგიტატორები, ერთი მთლიანი სისტემაა, რომელიც მორგებულია ხელისუფლების შენარჩუნებაზე. თბილისში ათობით ასეთი სკოლაა და ათასობით მოსწავლე“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა

საქართველოს მთავრობის „ანგარიში 2023“ -ის მიხედვით, ქვეყანაში 1 მილიარდი ლარის ღირებულების 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი 2022-2026 წლებში განხორციელდება და ჯამში 80 სკოლა აშენდება, 720-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის დასრულების შემდეგ თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2009-2012 წლის შუალედში სააგენტოს მიერ 16 ახალი სკოლის მშენებლობა განხორციელდა, ხოლო რეაბილიტაცია 900-მდე საჯარო სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება 2013-2021წწ პერიოდს, ამ დროის განმავლობაში სააგენტოს მიერ 57 ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ამავე პერიოდში 140-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები