თანამედროვე სამუშაო გარემოში სრულიად ახალი, საინტერესო და ამავდროულად, კომპანიებისთვის საკმაოდ რთული ტენდენცია იკვეთება: ახალგაზრდა დასაქმებულებს, განსაკუთრებით კი Gen Z-ის (Z თაობის) წარმომადგენლებს, აღარ სურთ მენეჯერული პოზიციების დაკავება. გლობალური კვლევების თანახმად, ამ თაობის მხოლოდ 6%-ს აქვს ამბიცია, გახდეს ხელმძღვანელი და მართოს გუნდი. დღეს კარიერული წარმატება ახალგაზრდებისთვის აღარ განისაზღვრება უბრალოდ დაწინაურებით. ისინი სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსს ბევრად უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე იმ დიდ პასუხისმგებლობასა და დამატებით სამუშაო საათებს, რაც მენეჯერობას ახლავს თან.
ექსპერტების შეფასებით, ბოლო წლებში ერთი მენეჯერის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების რაოდენობა საშუალოდ 6-დან 12-მდე გაიზარდა. ეს ხელმძღვანელებზე უზარმაზარ წნეხს აჩენს - ისინი ანგარიშვალდებულნი არიან როგორც კომპანიის ბორდის, ისე საკუთარი გუნდის კეთილდღეობის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესპროცესების ავტომატიზაციას ახდენს, ის ადამიანურ მენეჯერს ვერ ჩაანაცვლებს. გუნდის მართვას სჭირდება ემპათია, ურთიერთობების შენება და მოტივაციის მიცემა. თუ ბიზნესი ვერ შეძლებს ახალი ლიდერების აღზრდას, ეს ორგანიზაციული ეფექტიანობის შენარჩუნებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
სტუმარი: ლიკა ნოზაძე - Talent Flow-ს დამფუძნებელი


































