მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტაქსის მძღოლების მიერ ტურისტებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტები ყოველდღიურია“ - "ბენე ექსკლუზივი"

625590cc3292e
ბექა ბაციკაძე
13.04.22 20:50
1305
„ტურისტებისთვის ფულის გამოძალვის მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თაღლითობის ფაქტები ყოველდღიურად ხდება“, - ამის შესახებ "საქმის კურსთან" სატრანსპორტო კომპანია „ბენე ექსკლუზივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გორგაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მძღოლები, რომლებსაც ტაქსის ლიცენზიაც არ აქვთ, უცხოელ ვიზიტორებს ფიქსირებულ ფასზე ნაკლებ თანხად სთავაზობენ მომსახურებას, აეროპორტის ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი, მათზე სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი ძალადობენ.

კითხვაზე - რა შეიძლება გაკეთდეს მგზავრების უსაფრთხოების დასაცავად, „ბენე ექსკლუზივის“ დირექტორი ამბობს, რომ საპატრულო პოლიციამ, ეკონომიკის სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ტურიზმის სექტორში ჩართულმა ყველა მხარემ კოორდინირებულად უნდა იმუშაონ. მისივე თქმით, შესაძლებელია გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაც.

„კიდევ ერთი რეკომენდაცია და მარტივი გზა თაღლითებისგან თავის დასაცავად არის ის, რომ ჩამოსულ სტუმრებს ვურჩიოთ, ისარგებლონ აეროპორტის ოფიციალური ტაქსის სერვისით, რომელიც სრულად აკმაყოფილების უსაფრთხოების და კომფორტის სტანდარტებს“, - განაცხადა გიორგი გორგაძემ. „ბენე ექსკლუზივმა" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტაქსით მომსახურების ექსკლუზიური უფლება 2019 წელს მოიპოვა. 2022 წლიდან კი იგივე უფლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც მიიღო. კომპანია ტაქსით მომსახურებისას ძირითადად ელექტრომობილებს იყენებს, აქვს ფიქსირებული ტარიფები, აღრიცხვის და დაჯავშნის ერთიანი სისტემა.

ინფორმაციისთვის, 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება ტაქსის მძღოლს, რომელსაც უცხოეთის ორი მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა ედება ბრალად. როგორც ცნობილი გახდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთ სასტუმრომდე მისვლისას, მძღოლსა და მგზავრებს მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდათ, რის შემდეგაც ტაქსისტმა ფულის მიღების მიზნით ისინი ქალაქგარეთ გაიყვანა. "[მძღოლმა] მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები