მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსის მძღოლი, კონსულტანტი, ხელოსნები - რა პროფესიის ადამიანებს ეძებენ საქართველოში კომპანიები?

5f85dfea89d3c
ანუკა ჯოხაძე
14.10.20 00:28
1692
საქართველოში დასაქმების პორტალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვაკანსიების რაოდენობა, პანდემიის დასაწყისში - მარტი-აპრილში საგრძნობლად იყო შემცირებული, ფაქტობრივად ამ პერიოდში ახალ კადრს კომპანიების ძალიან მცირე რაოდენობა ეძებდა.

თუმცა თუ ბოლო თვეების სტატისტიკას გადავხდავთ, დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება. კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს ახალი კადრების მოძიება. სექტორების მიხედვით რომ ჩავშალოთ, კლება მაინც ფიქსირდება ტურიზმისა და ჰორეკას სექტორში, სადაც კომპანიები თითქმის აღარ აქტიურობენ, თუმცა დღითიდღე სულ უფრო მეტ ადგილზე აცხადებენ ვაკანსიას მომსახურების სფეროში ჩართული კომპანიები.

“ტურისტული სექტორი გაქრა, ვაკანსიების განთავსების კუთხით აღარ აქტიურობენ. ძირითადად გააქტიურდა მომსახურების სფერო, რესტორნები შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც აქტიურობენ, ტაქსის კომპანიები და კიდევ ძირითადად მაღაზიები, ქსელური მარკეტები, სადაც ძირითადად არის მოლარე კონსულტანტებზე მოთხოვნა. ხშირი შემთხვევაა ასევე როდესაც რკინისა და ხის ხელოსნებსაც ითხოვენ კომპანიები, რაც იმედი მაქვს რომ ადგილობრივი წარმოების განვითარებას უკავშირდება.“ - ამბობს dasaqmeba.ge-ის დირექტორი პაატა მამულაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ეკონომიკური კრიზისის შედეგად სამსახური 100 ათასამდე მოქალაქემ დაკარგა - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გამართული მოსმენის დროს გააკეთა.

დეპუტატ სერგი კაპანაძის კითვაზე პასუხისას კაკაურიძემ განაცხადა, რომ მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს, დაახლოებით, 20 ათასი ადამიანი საკუთარი შემოსავლის აღდგენას შეძლებს.

ამასთან, ოქტომბრის ბოლოს სრულდება ექვსთვიანი პროგრამაც, რომლითაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებდნენ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში ამ დახმარებით ერთხელ მაინც 161 905-მა ადამიანმა ისარგებლა, რაზეც 106 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყველაზე დიდი რაოდენობის კომპენსაცია ივნისსა და ივლისში გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები