მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტარიფები გაიზრდება“ - როგორ და რა რეგულაციებით გაიხსნება სპორტული დარბაზები? - სოფო სოლოღაშვილი

BM.GE
15.03.21 11:59
689

"ვერ გავექცევით ტარიფის გაზრდას; ეს ძალიან არ გვინდოდა, მაგრამ გვიწევს"- ფიტნეს ცენტრ "Snap Fitness"-ის დირექტორი სოფო სოლოღაშვილი „ქალების ნარატივში“

 

-როდესაც სპორტული დარბაზები დახურული იყო, თავად როგორ ახერხებდით ვარჯიშს?

-დარბაზში ვარჯიში სხვაა, ბუნებრივია. მე ვახერხებდი მივყოლოდი პილატესს, ეს ონლაინ შესაძლებელია. არ გავჩერებულვარ, ვარჯიში გავაგრძელე.

 

-15 მარტივად სპორტული დარბაზები გაიხსნა, თუმცა მთელი რიგი რეგულაციების ფონზე. ხარჯებზე როგორ აისახება აღნიშნული რეგულაციები?

-გაზრდილი ხარჯების სურათი დავინახე პირველი გახსნის შემდეგ. ახლა უკვე ვიცით გაზრდილი ხარჯები სადამდეა მისული. მიუხედავად იმისა, რომ 2 თვით ვიყავით გახსნილები, ეს იყო სახეზე. ახლა, ამ მხრივ, გამოცდილება უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა, ხარჯები საგრძნობლად მომატებულია, ეს უკავშირდება მათ შორის, დეზობარიერის, სადეზინფექციო სითხეების, პირბადეების საკითხს და ა.შ. თანაც, ამას ემატება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა ტესტირება, რის თანხასაც 1 თვის განმავლობაში გვინაზღაურებს სახელმწიფო და შემდეგ უკვე ეს ხარჯიც დაგვემატება.  

 

-ეს სააბონენტო გადასახადზე თუ აისახება?

-ამას ვერ გავექცევით, აისახება. თუმცა, ახლა იმდენად მონდომებული არიან მომხმარებლები ჩვენთან დაბრუნებით, რომ ვეცადეთ და გამოგვივიდა რომ, ახლა მოსვლისას, აბონიმენტის ტარიფი გაზრდილი არ დახვდებათ. გასათვალისწინებელია, რომ აქ არაა მხოლოდ ხარჯების ფაქტორი, მოქმედებს დოლარის კურსიც. ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში და ხარჯი დოლარში გვაქვს. ვერ გავექცევით ტარიფის გაზრდას, რაც ძალიან არ გვინდოდა, მაგრამ გვიწევს.

 

-თქვენი აზრით, მომხმარებლები მზად არიან წარმოდგენილი რეგულაციების დაცვისთვის?

 -თავიდან ეს წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ვგულისხმობ პირველი გახსნის პერიოდს. მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ყველაფერი მიჩვევადია. რეგულაციების დაცვის გათვალისწინებით, ვერ ვიღებთ იმ რაოდენობის მომხარებლებს, რაც პანდემიამდე იყო. 2 მეტრიანი დისტანცია ასე თუ ისე გამოიმუშავეს მომხმარებლებმა. ეს ჩვენი თანამშრომლების მიერაც კონტროლდება. 

 

-წინასწარ თუ შეიძინეს მომხმარებლებმა აბონიმენტები?

-დიახ, როდესაც გავიგეთ გახსნის თარიღი, უკვე შეგვეძლო და დავიწყეთ აბონიმენტების გაყიდვა. იმაზე მეტი გაიყიდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ძნელია გაჩერება მაშინ, როცა ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევ. 

 

-თქვენი აზრით, საქართველოში პრემიუმ ხაზის ფიტნეს კლუბების გახსნა გაგრძელდება ასეთი ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით? 

-ჩემი აზრით, გაგრძელდება. თუმცა იმ პრინციპით, რომ ბევრი დაიხურება, მოთხოვნა კი იქნება და შესაბამისად, ისევ ახალი დარბაზები გაიხსნება. რაც შეეხება ჩვენს პრემიუმ დარბაზს, შედეგების სურათი ჯერ არ დაგვინახავს, რადგან ამას ჩაკეტვის პერიოდი დაემთხვა, მხოლოდ 2 თვე მოასწრო ფუნქციონირება. თუმცა, რა კვლევებსაც გავეცანი, გამოიკვეთა რომ კრიზისმა საშუალო სეგმენტს უფრო „დაარტყა“, ვიდრე ამ სეგმენტს, ამიტომ მგონია რომ პრემიუმ დარბაზზე მოთხოვნა იქნება. 



-რა გმატებთ ინსპირაციას სამსახურებრივი თვალსაზრისით?

-ნაწილობრივ ვეთანხმები იმ აზრის, რომ ერთ ადგილას დიდხანს მუშაობისას რაღაც უფერულდება, თუმცა ჩემს შემთხვევაში, ყოველი დღე წინაზე საინტერესოა. “Snap fitness”-თან ემოციური კავშირი მაქვს, გადავეჯაჭვეთ ერთმანეთს. ის ჯერ არ იყო გახსნილი, როცა მე მივედი. ფეხმძიმე ვიყავი სამსახურში როცა ამიყვანეს, დიდი ნდობა გამომიცხადეს. 

მე არ ვარ ტიპური ხელმძღვანელი, რომელიც მიყვება გაწერილ სამუშაო აღწერილობას. პრობლემების გადაჭრისას მიღებული სიამოვნება დაუვიწყარია.  

 

-რამდენადაც ვიცი, კომპანიაში მუშაობა დირექტორობით არ დაგიწყია და იქამდე ადმინისტრაციული მენეჯერი იყავი. ეს გამოცდილება რამდენად დაგეხმარა?

-ვფიქრობ, უმჯობესია შედარებით დაბალი საფეხურიდან დაწყება. პულსზე ხელი გიდევს და გრძნობ რა ხდება შიგნით. ეს გასათვალისწინებელია, თუნდაც, თანამშრომლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. იმ ფაქტორმა, რომ მე არ დამიწყია პირდაპირ როგორ დირექტორს, დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდგომ განვითარებაზე. 

 

-მომავალში სად ხედავთ საკუთარ თავს?

-არ მაქვს ერთი კონკრეტული რამ, გამოვყოფდი პროექტებზე მუშაობის საკითხს, ერთჯერადი პროექტების რელსებზე დაყენებას, ისე გამართვას, რომ შედგეს.

 

-რა ძირითად სარგებელს მოიაზრებს ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი? 

-მომხმარებლები დარბაზში საგრძნობლად გაიზარდა. თუ შევადარებთ 5 წლის წინანდელ პერიოდს, ქცევაც შეიცვალა. მაგალითად, ადრე ზოგჯერ ჯინსით შემოდიოდნენ. ამ მხრივ, პროგრესი შეინიშნება. 

რაც შეეხება სარგებელს, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს ხასიათს, ძილის პროცესს, ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას, ასევე არის პრევენცია ისეთი დაავადებებისა, როგორებიცაა, მაგალითად, ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ჯანსაღი ცხოვრების წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც. 

როცა დარბაზში დაღლილი შედიხარ, თითქოს ვარჯიშმა უფრო უნდა დაგღალოს, მაგრამ, სინამდვილეში, ენერგია გემატება, თუნდაც, ძილის წინ ვარჯიშის დროს.  

 

-მოგვიყევით “Snap fitness”-ის აკადემიაზე, სადაც, როგორ ვიცი, ტრენერები 3 თვიან კურსს გადიან და წარმატებულ სტუდენტებს ასაქმებთ კიდეც; რით იყო იდეა განპირობებული?

-აკადემია კვალიფიციური კადრების დეფიციტის გათვალისწინებით შეიქმნა, ამას დაემატა ის, რომ ბევრი დარბაზი გაიხსნა, მოთხოვნა გაიზარდა მწვრთნელებზე და გადაბირების შემთხვევებიც ფიქსირდებოდა. ჩვენი ბრენდის ქვეშ შეიქმნა აკადემია, ახლა მე-5 კურსი სრულდება. ძალიან ბევრი კმაყოფილი სტუდენტი გვყავს. ფაქტობრივად, უარყოფითი გამოხმაურება არ ყოფილა. გარდა ისეთი საკითხებისა, როგორებიცაა კუნთის აგებულება, სწორი ვარჯიშის წესები, ჩვენ ვასწავლით მწვრთნელებს თავის წარდგენას. ასევე მას უნდა შეეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. გვყავს სტუმარი, რომელიც ყვება თავის გამოცდილებაზე, მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება მათ. მიდგომა უფრო კომპლექსურია.  

 

-სერვისის გამრავალფეროვნების კუთხით თუ გეგმავთ სიახლეებს?

-მოიაზრება პოსტკოვიდ რეაბილიტაციის ვარჯიშები. ამას აუცილებლად განვახორციელებთ და სულ მალე შემოგთავაზებთ. 

 

-თქვენი პირველადი პროფესიული არჩევანი აღმოსავლურ ენებს უკავშირდება...

-მივიჩვევ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩემი გზა სხვა კუთხით წავიდა, თუმცა, ვნახოთ, სამომავლოდ როგორ იქნება.

 



სტუმარი: სოფო სოლოღაშვილი - ფიტნეს ცენტრის „Snap Fitness“-ის დირექტორი
 
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები