ლოგისტიკურმა კომპანიამ ONWAY მსოფლიოში კონფლიქტური მდგომარეობის გამო, ლოგისტიკური მომსახურების ტარიფები დაახლოებით 10%-ით გაზარდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თამუნა გოგოლაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი თქმით, ტარიფების ზრდა დაკავშირებულია საწვავის ფასის ზრდასთან, რაც ბიზნესზე პირდაპირ აისახება: „ლოგისტიკა დაბალმარჟიანი სფეროა, ამიტომ მცირე ცვლილებაც უარყოფითად მოქმედებს მოკლე ვადაში. ამანათების ტარიფები თითქმის 10%-ით გაიზარდა, საშუალოდ 50 თეთრით. ვეცადეთ, რომ ყოფილიყო ძალიან დაბალი მატება, იმისთვის, რომ კომპანიასაც რაღაც საშუალება ჰქონოდა, რომ გაზრდილი ხარჯები დაებალანსებინა და მეორეს მხრივ, მომხმარებლისთვის არ ყოფილიყო ძალიან მტკივნეული”, - თქვა მან.
გოგოლაშვილის განმარტებით, ტარიფები კომპანიამ აპრილიდან დააკორექტირა : „ONWAY-ს ისტორიაში ტარიფები აქამდე მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შეცვლილა. ახლა მესამედ მოგვიწია კორექტირება, რომელიც უკავშირდება არასტაბილურ საერთაშორისო გარემოს. თუ კონფლიქტი გაძლიერდა, შესაძლოა ტარიფებს კიდევ გადავხედოთ“.
კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გაძვირების ეფექტი გრძელვადიანია და აისახება არა მხოლოდ ლოგისტიკაზე, არამედ ონლაინ მაღაზიებსა და მომხმარებელზეც: „ფასების ზრდა გავლენას ახდენს პროდუქციის გაყიდვაზე - მომხმარებლები ნაკლებად ყიდულობენ, მაგრამ პროცესს დინამიკაში ვაკვირდებით“.
რაც შეეხება უცხოელი მუშახელის დასაქმების შეზღუდვას, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ONWAY-ს დაახლოებით 300 თანამშრომელი ჰყავს და ძირითადად ქართველები არიან: „შეზღუდვა ჩვენს ბიზნესზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, თუმცა შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენცია გაიზარდოს“.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას თამუნა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში 3PL სერვისს დანერგავს, რაც პარტნიორ კომპანიებს დაეხმარება პროდუქციის დასაწყობებასა და მიტანის პროცესის მართვაში : „ჩვენი პარტნიორები მხოლოდ გაყიდვაზე იქნებიან ორიენტირებულნი, ლოგისტიკას კი ONWAY უზრუნველყოფს. საერთაშორისო ბაზრისთვისაც ვმუშაობთ - პროდუქტს საერთაშორისო საწყობებში დავაწყობთ და საქართველოდან გავმართავთ გაყიდვებს, რაც ხარჯების შემცირებასაც უზრუნველყოფს“.
გოგოლაშვილის თქმით, პროცესი დაწყებულია, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები დროთა განმავლობაში განვითარდება და უახლოეს მომავალში დეტალები უფრო ზუსტად იქნება ცნობილი.




























