ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ინიციატივით გამოდის, მწარმოებლებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებს - რითეილ სექტორს შორის ურთიერთობა სახელმწიფომ დაარეგულიროს.
ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ინიციატივის მიზანი პროდუქციის თვითღირებულების შემცირება და ბაზარზე „თამაშის სამართლიანი წესების“ დამკვიდრებაა. როგორც დარგის წარმომადგენლები განმარტავენ, დღეს მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მსხვილ მარკეტებში პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებული არაპირდაპირი ხარჯები წარმოადგენს. საუბარია ე.წ. „თაროს გადასახადზე“, „შესვლის გადასახადზე“, „განვითარების გადასახადსა“ და „ქეშბექზე“.
ლევან სილაგავას განმარტებით, ინიციატივა გულისხმობს სპეციალური ჩარჩო ხელშეკრულებების შექმნას, რომელიც ერთნაირი იქნება როგორც მწარმოებლებისთვის, ისე იმპორტიორებისთვის. მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა პარლამენტში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო „სამართლიანი ვაჭრობის წესის შესახებ“ კანონპროექტზე დაყრდნობით, რომელიც ბალტიისპირეთისა და რუმინეთის მოდელებს ეფუძნებოდა. თუმცა, პროცესი ამჟამად შეჩერებულია და დარგის წარმომადგენლები მის განახლებასა და მთავრობის მხრიდან რეკომენდაციების გაწევას ითხოვენ.
“ჩვენთვის მისაღები იყო მაშინაც და ახლაც, რომ უნიფიცირებული ჩარჩო ხელშეკრულებები გაკეთებულიყო რითეილ სექტორსა და წარმოებას, რითეილ სექტორსა და იმპორტიორს შორის, სადაც გაწერილი იქნებოდა მაგალითისთვის, პირველადი მოთხოვნილების პროდუქციაზე ქეშბექიდან დაწყებული, თაროს გადასახადი, განვითარების და სხვა გადასახადები. ამ ჩარჩოს ირგვლივ, ვფიქრობ, შესაძლებელია რითეილ სექტორს, იმპორტიორს და წარმოებას შორის გარკვეული თამაშის წესების დადგენა. მთავრობას შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს ამ ყველაფერს და ამ ურთიერთობებს ხელი შეუწყოს” - აცხადებს ლევან სილაგავა.
ამასთან, ასოციაციის კიდევ ერთი ინიციატივით, ნაცვლად ფასების ხელოვნური შეჩერებისა - რაც ბიზნესს აზარალებს, სახელმწიფომ მიზნობრივი დახმარების მოდელი უნდა გამოიყენოს. კერძოდ, სოციალურად დაუცველ ფენებს შემწეობაზე პირდაპირ დაემატოთ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გაძვირების თანხა - დაახლოებით 5-10 ლარი თვეში, რომელიც პირველადი მოხმარების კალათის გაძვირებას დააბალანსებს.
“ერთი ადამიანის დღიური ნორმა დღეში არის 300 გრამი. ერთი პური კი, დაახლოებით 560 გრამია, რაც ნიშნავს, რომ თვეში მას 15 ცალი პური სჭირდება. შესაბამისად თუ მაგალითად, პური ან სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტი 10 თეთრით გაძვირდა, შესაძლებელია, ეს დამატებითი ფასნამატი სოციალურად დაუცველებს პირდაპირ ჯიბეზე გადახდით მივაწოდოთ. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ფასების დაწევაზე, ან გაჩერებაზე - ეს მთლიან მოსახლეობას ეხება და შეიძლება, საკმაოდ სერიოზულად დააწვეს ბიზნესს, ან სამომავლოდ ბიუჯეტს. მაშინ, როდესაც, ასეთი მიზნობრივი ხელშეწყობა იმ ადამიანებისათვის, რომელსაც ეს სჭირდება - უფრო ეფექტური იქნებოდა.
ეს შეიძლება შეეხოს პურის ფასებს, კვერცხს, ბრინჯს, მაკარონს, შაქარს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენთვის თვეში 5 ან 7-10 ლარი არაფერს ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ეს იქნებოდა უფრო ეფექტური” - განმარტავს ლევან სილაგავა.
გარდა ამისა, ასოციაცია გამოდის ინიციატივით, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დიფერენცირებული დღგ-ს ტარიფი დაწესდეს. ლევან სილაგავას თქმით, სოციალურ პროდუქტებზე დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება მთელ ჯაჭვზე (მარცვლეულის იმპორტიდან - პურის დახლამდე) პირდაპირ აისახება საბოლოო ფასის კლებაზე.
„ჩვენს სექტორში დღგ-ს არ მოხსნაზეა ლაპარაკი, არამედ, დაწევაზე ეს დაბალი ტარიფი უნდა გავრცელდეს მთლიან ჯაჭვზე. მაგალითისათვის: დაწყებული ხორბლიდან - ანუ ხორბლის მიწოდება წისქვილში, ფქვილად გადამუშავება და შემდეგ პურის ქარხანაში მიწოდება, შემდეგ კი, დახლზე და მომხმარებლისთვის მიწოდება. თუ მთლიანად ეს ჯაჭვი დღგ-ს დაბალი ტარიფით დარეგულირდება, ეს ფასზე აუცილებლად იმოქმედებს“ - აცხადებს ლევან სილაგავა.




























