ინდოეთის უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფი, Tata Group-ი 2030 წლისთვის 70%-ით მწვანე ენერგიაზე გადასვლას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის თავმჯდომარემ, ნატარაჯან ჩანდრასეკარანმა განაცხადა.
Tata ჯგუფის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, ენერგეტიკული ტრანზიციის კრიტიკულ მნიშვნელობას. ნატარაჯან ჩანდრასეკარანის განცხადებით, მწვანე ენერგეტიკის გარდა, ტრანზიციების დაჩქარებაა აუცილებელი ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მოწოდების ჯაჭვების განვითარების მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა ინდოეთის უნიკალურ პოზიციას და გეოპოლიტიკურ უპირატესობებს ამ გამოწვევების საპასუხოდ. თავად Tata ჯგუფი ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანიას გააჩნია შესაძლებლობა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი მწვანე ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით.
Tata ჯგუფი უმსხვილესი ინდური კონგლომერატია, რომლის შემადგენლობაში შემავალ კომპანიებშიც 1 მილიონზე მეტი ადამიანი ადამიანი არის დასაქმებული. ჯგუფის წლიური შემოსავალი კი 150 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
Tata ჯგუფის შემადგენლობაში შედის კომპანია Tata power-ი, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთი მსხვილი ენერგეტიკული კომპანიაა. Tata power-ი ნორვეგიულ “ქლინ ენერჯისთან” ერთად საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორიცაა. კომპანია 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესის კასკადს ფლობს.
მთლიანობაში Tata Power-მა და ქლინ ენერჯიმ შუახევჰესის განვითარებისთვის 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.
ჰესი ოპერირებაში 2020 წელს შევიდა და უკვე მეოთხე წელია საქართველოს ელექტროსისტემას უწყვეტად აწვდის ელექტროენერგიას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ყოველდღიურად მიეწოდება.
შუახევის ჰესების კასკადის გამომუშავება ყოველწლიურად მზარდია. 2023 წელს შუახევი ჰესების კასკადმა ჯამურად 513 კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითაც დაახლოებით 10% გადააჭარბა საპროექტო მაჩვენებელს. 2022 წელთან შედარებით კი გენერაცია 16%-ით არის გაზრდილი.