მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თათარათი" საწარმოს გაფართოებას და ქართული კულინარიის პოპულარიზაციას გეგმავს

თათარათი

ქართული ტრადიციული ნუგბარისა და ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი საოჯახო ბიზნესი „თათარათი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს. როგორც თინათინ ურიდიამ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა, კომპანიის მიზანი მხოლოდ საწარმოს გაფართოება არ არის - კომპანიას უფრო მასშტაბური ბიზნესგეგმა აქვს, რომელიც ქართული კულინარიისა და ისტორიის პოპულარიზაციას უკავშირდება.

მისი თქმით, „თათარათის“ სურს, რომ ქართული ტრადიციული პროდუქტები როგორც ადგილობრივ მომხმარებელს, ისე საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს გააცნოს.

„არა მხოლოდ საწარმოს გახსნაზე გვაქვს ამ ეტაპზე ორიენტირება, არამედ უფრო მასშტაბური ბიზნესგეგმა გვაქვს, რომელზედაც აქტიურად ვმუშაობთ. ეს ითვალისწინებს ქართული კულინარიისა და ისტორიის გაცნობას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. გვინდა, ის სიმდიდრე, რაც ამ პატარა ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად მივიტანოთ მომხმარებლამდე და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს სტუმრებსაც“, - განაცხადა თინათინ ურიდიამ.

კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, ბიზნესგეგმის განხორციელება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რის გამოც „თათარათი“ ამ ეტაპზე პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"საწარმოს გამართული მუშაობა დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე საკუთარი სახსრებით სრულყოფილად ვერ ვახერხებთ ამის ორგანიზებას და აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ პარტნიორებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან ბიზნესგეგმის რეალიზებაში", - აღნიშნა მან.

თინათინ ურიდიას განცხადებით, პროექტის განხორციელება არა მხოლოდ ადგილობრივ ფერმერებსა და მწარმოებლებს შეუწყობს ხელს, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი ისეთი ქალების დასაქმებაა, რომლებსაც ოჯახური პირობების გამო სტანდარტული სამუშაო გრაფიკით მუშაობა უჭირთ.

„თათარათი“ 2021 წელს დების, თამარ და თინათინ ურიდიების იდეით დაარსდა. მცირე საწარმო, რომელიც ქართულ ტრადიციულ ტკბილეულსა და ნატურალურ პროდუქტებს აწარმოებს, ამ დროისათვის 6 ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ასორტიმენტში შედის სხვადასხვა სახეობის ტყლაპის ჟელიბონი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ჩაი, ასევე ბელგიური შოკოლადი ქართული თხილეულით და სხვა პროდუქტები, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები