მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტროს 30 ოფიციალური მოთხოვნა გავუგზავნეთ, თუმცა დუმილია - კასიანოვი

63c905f64be5f
BM.GE
19.01.23 12:54
1275
უკრაინა ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" უკრაინის მხარის მიერ საქართველოსთვის „ბუკების“ გადაცემის მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა. 

ანდრეი კასიანოვის განცხადებით, გაუგებარია პარლამენტის ვიცე სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა, რადგან უკრაინის სურვილია, მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა.

„უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში. იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა. მინდა ვთქვა, ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა.

უკრაინა ადასტურებს მზადყოფნას, შეისყიდოს ისინი საქართველოსგან ურთიერთსასარგებლო პირობებით. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში გამოყენებას და ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.

უკრაინული მხარე ხაზს უსვამს საქართველოს საიმედო მოკავშირეების წრის ჩამოყალიბებისა და მისი უსაფრთხოების რეალური გარანტიების მნიშვნელობას. სწორედ ასეთი პოზიციებიდან ვაფასებთ და განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას მოკავშირეთა, პარტნიორების ფართო კოალიციის ფორმატში, რამშტაინის ფორმატში, თითოეული ქვეყანა შეიძლება იყოს როგორც დონორი, ასევე სამხედრო დახმარების მიმღები, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა ეს ფორმა იმისათვის, რომ ძველი შეიარაღება მოიშოროს და ახალი იყიდოს“, - განაცხადა კასიანოვმა.

ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინული მხარის 30 ოფიციალურ მოთხოვნაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან დუმილია.

„გულწრფელად გეტყვით, რომ არცერთი პასუხი არ მიგვიღია ქართული მხარისგან. ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ დუმილს“,- დასძინა უკრაინელმა დიპლომატმა.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი, რომ ისინი ფრთხილ პოლიტიკას ატარებენ, რათა საქართველო შეიარაღების გადაცემით არ წარმოჩინდეს მხარედ, რადგან ეს შეიძლება იყოს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის წინაპირობა, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ მისთვის ეს გაუგებარია.

"ჩვენ უარვყოფთ ყველანაირ ბრალდებას, რომ ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ჩავრთოთ რუსეთთან ომში. ჩვენ ვიბრძვით მარტოები“,- განაცხადა კასიანოვმა.

მან ისაუბრა სამხედრო დახმარების მნიშნველობაზე, ანდრეი კასიანოვის თქმით, სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი მოლაპარაკება საერთაშორისო პარტნიორებთან სწორედ ამ თემით იწყება და მთავრდება.

„ბუკები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეიარაღება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რატომ არ შეეშინდა უკრაინას, როცა საქართველოს მიაწოდა სამხედრო დახმარება? თუნდაც სასყიდლის სანაცვლოდ, მაგრამ მიაწოდა ეს სამხედრო დახმარება და ჩვენ ძალიან გვჭირდება ეს საშუალებები და ამაზე საუბრობს პრეზიდენტი ზელენსკი ყოველ დღე, ყველა მოლაპარაკება საერთაშორისო პარტნიორებთან იწყება და მთავრდება ერთით: შეიარაღება, იარაღი, იარაღი...“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ელჩის განცხადებას ipn.ge ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები