საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 309 დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს მიმდინარე კვირაში აღნიშნულ აეროპორტზე განხორციელებული უკვე მესამე იერიშია.
სამოქალაქო ავიაციის უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის საუდის არაბეთის 4 და ბანგლადეშის 2 მოქალაქეა. ასევე დაღუპულია აშშ-ის, იორდანიის, პალესტინის, სირიის, სუდანისა და ეგვიპტის თითო მოქალაქე. დაშავებულები საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების მანქანებითა და ვერტმფრენებით გადაიყვანეს. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
მედიის ცნობით, იერიში წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდა და საფრთხის წინასწარი სისტემას განგაში არ გამოუცხადებია. ეს საუდის არაბეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავდასხმაა, რომელსაც ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა. მომხდარის გამო ერ-რიადიდან ყველა ავიარეისი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს, აეროპორტმა კი მუშაობა დროებით შეაჩერა.
ფრენა გაუქმდა თბილისიდან რიადის და რიადიდან თბილისის მიმართულებითაც.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მედიაოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერ-რიადის აეროპორტის მუშაობა სწორედ მათ შეაჩერეს.
ამასთან, „ჰუსიტებმა“ ავიაკომპანიებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან და ის „სამხედრო ოპერაციების ზონად“ გამოაცხადეს. ამავდროულად, დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ მზად არიან შეთანხმებისთვის, რათა აეროპორტები, საზღვაო პორტები და ჰუმანიტარული ობიექტები სამხედრო დაპირისპირების მიღმა დარჩეს.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიცია აცხადებს, რომ თავდასხმას სავალდებულოდ უპასუხებს.
























