მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის აკადემიაში ჩასარიცხ პირთა სეგმენტი იზრდება - რა იცვლება "უმაღლესი განათლების" კანონში?

მაგისტრატურა

თავდაცვის აკადემიაში ჩასარიცხ პირთა სეგმენტი იზრდება. ამას ითვალისწინებს, "უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პროექტი, რომელიც დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები: გივი მიქანაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი სოსიაშვილი არიან.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განმარტებით, ცვლილებები უშუალოდ თავდაცვის აკადემიას შეეხება. კერძოდ, დღეის მოცემულობით, აკადემიის მაგისტრატურაზე სასწავლო პროცესში მონაწილეობა მხოლოდ ადმინისტრაციული დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ, თუმცა არის პრეცედენტები, როდესაც სწავლის პერიოდში ისინი სამსახურს იცვლიან, რის გამოც სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ეძლევათ. მისივე განცხადებით, კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვები უქმდება და აკადემიაში მაგისტრატურაზე ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს სწავლას.

„არაადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს საშუალება არ აქვთ თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურაში ისწავლონ, მაშინ როდესაც თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ამ მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ სხვა ახალგაზრდებსაც მივცეთ აკადემიის მაგისტრატურაში სწავლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ცვლილებები ორიენტირებულია, რომ მეტი ახალგაზრდა მივიზიდოთ თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურაში და ეს მიმართულება კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ, მით უმეტეს, როდესაც საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, არაადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული პირებისთვის თავდაცვის აკადემიაში სწავლას ფასიანი იქნება. დღემდე აკადემიაში მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომლები სწავლობდნენ და სწავლის საფასურს არ იხდიდნენ.

„დღის მდგომარეობით, აკადემიაში მაგისტრატურის საფეხურზე ირიცხებიან ადმინისტრაციული ორგანოდან წარდგენილი პირები. მათთვის სწავლა არის სრულიად უფასო და უზრუნველყოფილნი არიან მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, რომელიც ფინანსდება თავდაცვის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. კანონპროექტის მიღების შედეგად, აკადემია უფლებამოსილი იქნება მაგისტრატურის საფეხურზე განსაზღვროს სწავლის საფასური და მიიღოს ის პირები, რომლებიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დაკავშირებული არ არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა ან სხვა უწყებასთან. შესაბამისად, სწავლის საფასურის (წლიურად 2250 ლარი) დადგენის შემთხვევაში, გაიზრდება აკადემიის ფინანსური სახსრები, რაც დადებითად იმოქმედებს აკადემიის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, აკადემიის შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც გადაიხდიან სწავლის საფასურს. წარმოდგენილი ცვლილება, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე არ მოახდენს გავლენას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები ასევე განმარტავენ, რომ ცვლილებამ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, შესაძლოა გავლენა იქონიოს, რადგან პირები, რომლებიც არ არიან ადმინისტრაციული ორგანოდან წარდგენილები და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, დაფინასდებიან ზოგადი წესების შესაბამისად. „აკადემია სამაგისტრო პროგრამებს, თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი წლიური საბიუჯეტო ასიგნებებით, განახორციელებს არსებული კვოტის ფარგლებში. შესაბამისად, პროექტი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ იქონიებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან კანონპროექტის მიღებით ფინანსური გავლენა იქნება იმ პირებზე, რომლებიც გათავისუფლდებიან ადმინისტრაციული ორგანოდან, კერძოდ: „ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემთხვევაში მათ მიეცემათ საკუთარი ხარჯით (წლიურად 2250 ლარი) სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ამავდროულად აღნიშნული პირები სწავლის საფასურის გარეშე გააგრძელებენ სწავლას თუ არ დადგება ზემოაღნიშნული გარემოება (ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლება)“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონშემოქმედები იმასაც განმარტავენ, რომ აკადემიაში პირები საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და შიდა გამოცდების საფუძველზე ირიცხებიან, შესაბამისად მათ სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა, რომელიც სამაგისტრო საფეხურზე 100%-ია. „გრანტის მიუღებლობის შემთხვევაში სწავლის საფასურს გადაიხდიან საკუთარი სახსრებით. წარმოდგენილმა პროექტმა, სამაგისტრო საფეხურზე პირთა მიმართვიანობის თვალსაზრისით, შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებზე, კერძოდ აკადემიის სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს მიეცემა შესაძლებლობა მაგისტრატურის საფეხურზე მიიღოს განათლება აკადემიაში. საკანონმდებლო ცვლილებით, აკადემიაში მაგისტრატურაზე სწავლის საფასურის დადგენით, გაიზრდება აკადემიის შემოსავალი“.

კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგებია:

  • პირს, რომელიც აკადემიაში არ არის წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოდან, სტუდენტის
    სტატუსის შეჩერების უფლება მიეცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის არანაკლებ 4 თვის ვადით
    გაუარესების შემთხვევაში.
  • ასევე, სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება მიეცემა სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში
    გადაუხდელობის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, რათა დაცული იყოს
    სწავლის უწყვეტობის მიზნები.

  • - ამასთან, პირს რომელიც გათავისუფლდება ადმინისტრაციული ორგანოდან, გათავისუფლების
    შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აკადემიისთვის მიმართვის
    შემთხვევაში, მიეცემა საკუთარი ხარჯით სწავლის გაგრძელების ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების
    შესაძლებლობა. სწავლის უწყვეტობის მიზნიდან გამომდინარე, შეჩერების ვადა არ უნდა
    აღემატებოდეს ერთ წელს.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, ინიციატივა საინტერესოა და კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს წარმოდგენილ ცვლილებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტებში კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რასაც კანონპროექტის ავტორები ასე ხსნიან: „აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აცხადებს მზადყოფნას სამაგისტრო პროგრამაზე, მიიღოს პირები, რომლებიც არ იქნებიან დასაქმებული ადმინისტრაციულ ორგანოში. აღნიშნული უზრუნველყოფს აკადემიაში ჩასარიცხ პირთა სეგმენტის გაზრდას, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებასთან, ამ პროცესის უწყვეტობასთან და მდგრადობასთან. ამასთან, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული პირების აკადემიაში მიღება განხორციელდეს 2024 წლიდან. შესაბამისად, აუცილებელია პროექტის განხილვა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა დაინტერსებულ პირებს საშუალება მიეცეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდგომ, გამოთქვან სურვილი სწავლა გააგრძელონ აკადემიაში და ამასთან, ამ პერიოდისათვის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული იყოს მათი სტუდენტის სტატუსის შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები. ასევე, სწავლის უწყვეტობის მიზნების მისაღწევად, ოპტიმალურ დროში უნდა დარეგულირდეს ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი პირების სწავლის გაგრძელების საკითხიც. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აკადემიისთვის მიმართვის შემთხვევაში, პირს მიეცემა საკუთარი ხარჯით სწავლის გაგრძელების ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესაძლებლობა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები