მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თავდაცვის სამინისტრომ იმაზე გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა შესყიდვებში, ვიდრე უნდა გადაეხადა - სუს-ის გამომძიებელი

ჯუანშერ ბურჭულაძე

თუ ფართო სურათს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ თავდაცვის სამინისტრომ არათუ არაკონკურენტუნარიანი, არამედ მიკერძოებული გარემო შექმნა. თავდაცვის სამინისტრომ იმაზე გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა [შესყიდვებში], ვიდრე უნდა გადაეხადა, - ეს "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, ალეკო არაბულმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძისა და დანარჩენი ბრალდებულების სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ალეკო არაბული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლისძის ვასილ მხეიძის მთავარი გამომძიებელია.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სასამართლოში მან დეტალურად ისაუბრა იმ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმდა.

გამომძიებლის განმარტებით, თავდაცვის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის MRI-ის აპარატი შეიძინა. არაბულის თქმით, აღნიშნულის გამოძიების ფარგლებში შეკითხვები სხვა შესყიდვებზეც გაჩნდა. გამომძიებლის განმარტებით, განხორციელებული 3 ხელშეკრულების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს 7 მილიონის ზარალი მიადგა და ამაში მონაწილე პირები გამოიკვეთა.

მოწმეს კითხვით მიმართა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მას ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა, რომ სამინისტრომ შექმნა არაკონკურენტუნარიანი გარემო, რასაც გამომძიებელმა დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნულის საპასუხოდ მას ბურჭულაძე ისევ ჩაეკითხა, თუ რას გულისხმობდა კონკრეტულად.

„საქმეში წარმოდგენილია არაერთი დოკუმენტი. თუ ფართო სურათს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ თავდაცვის სამინისტრომ არათუ არაკონკურენტუნარიანი გარემო შექმნა, არამედ მიკერძოებული გარემო შექმნა და თავდაცვის სამინისტრომ იმაზე გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე უნდა გადაეხადა... თქვენ ერთ დოკუმენტზე საუბრობთ და აქ მხოლოდ ამაზე არაა საუბარი, სამ დოკუმენტზეა საუბარი. ექსპერტი გვეუბნება, რომ თავდაცვის სამინისტროს 3 ხელშეკრულებაში 12 მილიონის გადახდა შეეძლო და არა 19-ის“, - განაცხადა გამომძიებელმა არაბულმა.

რაც შეეხება შესყიდვებისთვის „საიდუმლო შესყიდვის“ სტატუსის მინიჭებას, გამომძიებლის თქმით, „მისი აზრით, ეს იყო დანაშაულის ჩადენის მეთოდი“.

მას ბურჭულაძემ ასევე კითხვა დაუსვა დეკლარაციასთან დაკავშირებითაც.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ თქვენი ოჯახის წევრზე იყო გაფორმებული უძრავი ქონება“, - უთხრა მას გამომძიებელმა.

„არ ვიყავი ვალდებული დეკლარაციაში მიმეთითებინა, რადგან ჩემზე არ იყო რეგისტრირებული. კანონში წერია, რომ ხელშეკრულება არის საანგარიშო პერიოდში დადებული და საანგარიშო პერიოდში არ დაგვიდია“, - უპასუხა მას ბურჭულაძემ, რასაც გამომძიებლის მხრიდან განმარტება მოჰყვა.

„თქვენს ოჯახს იმაზე მეტი ჰქონდა გასავალი, ვიდრე იყო შემოსავალი, ესაა რევიზიის დასკვნა.... უამრავი მიმდინარე ხარჯია, ვინც ამ ქვეყანაში პატიოსნად ვცხოვრობთ, ხშირ შემთხვევაში ეს ხარჯები ჩვენს სურვილებში და სხვა პროექტების განხორციელებაში ხელს გვიშლის. აუცილებელია მიმდინარე ხარჯის დათვლაც“, - განაცხადა გამომძიებელმა, რასაც ბურჭულაძემ უპასუხა, რომ „კანონი ამას არ ამბობს“.

„მორალი წამიკითხეთ და 9-წლიანი მუხლი წამიყენეთ, არ გადაამოწმეთ ჩემი შვილის ოჯახის შესაძლებლობები. ჩემი დაოჯახებული შვილის მეუღლის ქონება რატომ არ შეამოწმეთ? იქნებ ორი „ფერარი“ ეყენა? ბოდიში ჟარგონისთვის, მე რომ „მაწერთ“, გადაგემოწმებინათ“, - განაცხადა ბურჭულაძემ, რასაც არაბულმა უპასუხა, რომ „როგორც მას ახსოვს, დავით ბურჭულაძის მეუღლე რეგისტრირებულ კავშირში არ იყო“.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.

სასჯელი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის მიხედვით, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ, მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან მინისტრის ყოფილი მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები