ხელნაკეთი საპნებისა და კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული კომპანია „კირკე“ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. როგორც მისი დამფუძნებელი ნანა თავხელიძე BM.GE-სთან განმარტავს, ბრენდი ათობით დასახელების პროდუქტს ბაზის გარეშე ამზადებს.
„კირკეს“ წარმოება ორ ნაწილადაა გაყოფილი. გვაქვს ნატურალური საპნებისა და თავის მოვლის საშუალებების მიმართულებები. რაც მთავარია, ორივე კატეგორიის პროდუქტებს ყოველგვარი ბაზის გარეშე, ნულიდან ვამზადებ. იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიით ფარმაცევტი ვარ, თავიდანვე მინდოდა, წარმოებაში სამკურნალო ხაზი მქონოდა. ამიტომ, ვქმნი როგორც სახისა და ტანის, ასევე სხვადასხვა გამონაყარის საწინააღმდეგო საპნებს. ასორტიმენტში გვაქვს ასევე ვირის რძის საპონი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში.
ასევე ვამზადებ შამპუნებს თხევად და მყარ მდგომარეობაში და, რაც მთავარია, გვაქვს შამპუნი პასტა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ინოვაციაა და მხოლოდ „კირკე“ აწარმოებს“, - ამბობს ნანა თავხელიძე.
რაც შეეხება წარმოებაში გამოყენებულ ნედლეულს, დამფუძნებლის თქმით, „კირკეს“ პროდუქცია როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტული საქონლით იქმნება.
„ბრენდის დაარსების დღიდან სურვილი მქონდა, რომ ქართველ მეწარმეებთან მეთანამშრომლა და ადგილობრივი ნედლეული გამომეყენებინა. ჩვენს პროდუქტებს ძალიან კარგი შემადგენლობა აქვთ და არც თუ ისე მცირე ნაწილი, მაგალითად ზეითუნის ზეთი, სხვადასხვა ეთერზეთი, ციტრუსები და ა.შ. ქართული გვაქვს. თუმცა საპნის წარმოებაში აუცილებელია ეგზოტიკური ნედლეულის გამოყენებაც, რომელიც ქართულ ბაზარზე უბრალოდ არ იშოვება, ამიტომ საზღვარგარეთ ვყიდულობთ“, - განმარტავს ნანა თავხელიძე.
როგორც „კირკეს“ დამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნავს, საქართველოში თავის მოვლის საშუალებების წარმოება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. თავხელიძის ცნობით, ბრენდის გაყიდვები დიდწილად უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტებზეა დამოკიდებული.
„იქიდან გამომდინარე, რომ ხელნაკეთი პროდუქციის ფასები არც ისე დაბალია და საქართველოში ნაკლებად იციან მათი უპირატესობების შესახებ, ძირითადად უცხოელი მომხმარებლები გვყავს. აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სხავდასხვა სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვებში, რომლებიც ტურისტებზეა ორიენტირებული. ამიტომ, გაყიდვებიც არასტაბილურია. იანვარ-თებერვალში ნაკლები აქტივობა გვაქონდა, დეკემბერში, საახალწლო სეზონზე კი - მაღალი.
ასევე, ყოველთვის დგას ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის პრობლემაც. კარგი იქნებოდა, თუ თვითმმართველობა ან სახელმწიფო ტურისტულ ადგილებში ქალაქის მასშტაბით ქართველ მეწარმეებს სივრცეს გამოუყოფდა, სადაც, თუნდაც გარვეული შემოწმების შემდეგ, ჩვენს პროდუქტებს თავისუფლად გავყიდდით“, - ამბობს ნანა თავხელიძე.
ცნობისთვის, „კირკემ“ წარმოების დასაწყებად საჭირო ინვეტარი „აწარმოე საქართველოშის“ 20 000 ლარიანი გრანტით სამი წლის წინ შეიძინა. დღესდღეობით ბრენდის თვიური რეალიზაცია მინიმუმ 3000 ლარია.