თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია ახალი ინიციატივით გამოდის და ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, გადაიხედოს საფოსტო გზავნილების 300-ლარიანი უბაჟო ზღვარი. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ლიმიტი მოძველებულია და ვეღარ პასუხობს თანამედროვე ეკონომიკურ რეალობასა და საერთაშორისო ვაჭრობის ტემპებს.
ასოციაციის წინადადებაა, რომ დღეს არსებული 300-ლარიანი ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 900 ლარამდე გაიზარდოს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ 300-ლარიანი ზღვარი 2009 წელს განისაზღვრა და მას შემდეგ, 17 წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები არსებითად შეიცვალა:
- ლარის გაუფასურება: 2009 წლიდან დღემდე ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 38%-ზე მეტად არის გაუფასურებული (1.67 ლარიდან თითქმის 2.67 ლარამდე).
- ინფლაცია და ფასების ზრდა: სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, საქართველოში ფასების საერთო დონე ამ პერიოდში დაახლოებით 65–70%-ით გაიზარდა.
- ელექტრონული კომერციის ბუმი: გლობალური ეკონომიკის განვითარებამ და ონლაინ ვაჭრობის უპრეცედენტო ზრდამაც დღის წესრიგში დააყენა ძველი რეგულაციების გადახედვის საჭიროება.
„17 წლის წინ დადგენილი ზღვარი დღეს უკვე ვეღარ ასახავს რეალურ ეკონომიკურ საჭიროებებსა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას“, - აცხადებენ ასოციაციაში.
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია ასევე ეხმაურება ჯგუფების აქტივობას, რომლებიც, პირიქით, 300-ლარიანი ზღვრის სრულად გაუქმებას ითხოვენ. ასოციაცია ოპონენტების არგუმენტებს უსაფუძვლოს უწოდებს.
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია ასევე ყურადღებით აკვირდება სხვადასხვა ლობისტური ჯგუფის აქტივობას, რომლებიც, პირიქით, 300-ლარიანი განბაჟების ზღვრის გაუქმებას მოითხოვენ. მათი არგუმენტებია თითქოს არათანაბარი კონკურენცია და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა. მოკლედ გვინდა ამ არგუმენტებსაც ვუპასუხოთ.
აღნიშნული ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ონლაინ შოპინგის გამო ქვეყნიდან ფინანსური რესურსი გაედინება და 300-ლარიანი ზღვრის გაუქმება ამ პრობლემას მოაგვარებს.
სინამდვილეში, აღნიშნული ზღვრის გაუქმება ქვეყნიდან ფინანსური რესურსის გადინებას ვერ შეაჩერებს. თანხა კვლავ გავა ქვეყნიდან, თუმცა ამჯერად იმ კომპანიების მეშვეობით, რომელთა ინტერესებსაც სწორედ ეს ლობისტური ჯგუფები იცავენ. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ აღნიშნული პროდუქცია მომხმარებლამდე 200–300%-იანი ფასნამატით მივა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფული ქვეყნიდან კვლავ გავა, თუმცა ქართველი მომხმარებელი იმავე პროდუქციაში ბევრად მეტს გადაიხდის, ხოლო დამატებითი მოგება ადგილობრივ შუამავალ კომპანიებში დარჩება.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც აღნიშნული ჯგუფები ხშირად იშველიებენ, ქართული ბიზნესის დაცვას ეხება. თუმცა ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ ასეთი პროტექციონისტული პოლიტიკით ძირითადად მსხვილი ბიზნესი ისარგებლებს, ხოლო მცირე ბიზნესი და ფიზიკური პირები, რომლებიც დღეს აქტიურად სარგებლობენ ონლაინ შესყიდვებით, დაზარალდებიან და მათი განკარგვადი შემოსავალი შემცირდება.
ასევე ხშირად ისმის არგუმენტი, რომ 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი ხელს უწყობს შოპინგ-ტურიზმსა და ემიგრაციას, ხოლო მისი გაუქმება ამ პრობლემებს აღმოფხვრის. მსგავსი მოსაზრება იმდენად უსაფუძვლოა, რომ მისი სერიოზულ ეკონომიკურ არგუმენტად განხილვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებით და გაითვალისწინოს ის ეკონომიკური ინდიკატორები, რომლებიც ბოლო 17 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, 300-ლარიანი განბაჟების ზღვრის გადახედვა და გაზრდა ეკონომიკურად დასაბუთებული და აუცილებელი გადაწყვეტილებაა", - წერს ასოციაცია.




























