ბიზნესმენი და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი საკუთარ სოციალურ ქსელ X-ში Telegram-ის დამფუძნებლის და CEO-ს, პაველ დუროვის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. მასკის ეს გამოხმაურება საფრანგეთის პოლიციის მიერ დუროვის დაკავებას მოჰყვა.
"თავისუფლება პაველს", - წერს მასკი და დუროვის ერთ-ერთი ინტერვიუდან იმ ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელშიც წარმოშობით რუსი ბიზნესმენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი) საუბრობს და მას სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერ პლატფორმად მოიხსენიებს.
Telegram-ის დამფუძნებელი ვიდეოში აღნიშნავს, რომ ილონ მასკის მიერ X-ის ყიდვა პლატფორმას ინოვაციას მოუტანდა.
პაველ დუროვი 24 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავეს. გამოძიება Telegram-ის საშუალებით დაგეგმილ და მომხდარ კრიმინალურ დანაშაულებს, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ბავშვებზე ძალადობის საკითხებზე მიმდინარეობს.