მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თავხედობაა ამდენი არგუმენტის ფონზე თქვა, რომ განცხადებები უარგუმენტოა“ - გოგოლაშვილი პრემიერის გზავნილებზე

ევროპული კვლევების ცენტრი

„უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძე ფიქრობს, რომ დიპლომატები და პოლიტიკოსები განცხადებებს არგუმენტების გარეშე, ცალმხრივად აკეთებენ.

პრემიერის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს უკიდურესად საფრთხის შემცველად მიიჩნევს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება შეგნებულად აჩერებს საქართველოს სვლის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. „თავხედობაა ამდენი არგუმენტის ფონზე თქვა, რომ განცხადებები უარგუმენტოა“ - განაცხადა გოგოლაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში.

„ნებისმიერ არგუმენტზე შეიძლება უარგუმენტოდ თქვა, რომ ეს არგუმენტი არ არის. ამიტომ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ ვისი ნათქვამი აირჩიონ ჭეშმარიტად და ვისი მცდარად. თურმე არგუმენტი არ აქვს ევრო კავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, არგუმენტი არ აქვს გაფართოების სფეროში ევრო კომისარს. მიაქციეთ ყურადღება, ეს არის გაფართოების სფეროში ევროკომისარი, რომელსაც ემორჩილება უზარმაზარი ინსტიტუტი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო ურთიერთობის გენერალური დირექტორატი, ევროკომისიის უდიდესი ქვედანაყოფი.

ვარჰეი და ბორელი გუშინ ერთად გამოვიდნენ და ორივემ განაცხადა, რომ ეს კანონი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და უკან დახევს მას ამ გზაზე. ნუ როგორ შეიძლება არგუმენტები მოსთხოვო იმ ადამიანს რომელმაც უნდა უზრუნველყოს შენი ევროკავშირში შესვლა. უკაცრავად ამ შეფასებისთვის მაგრამ ჩემი აზრით თავხედობაა, უკვე სიტყვები აღარ მყოფნის.

არგუმენტები არ გააჩნია შარლ მიშელს, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანუ უმაღლეს პირს ევროკავშირის სივრცეში. არგუმენტები არ გააჩნია ევროპის საბჭოს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებების დარგში, რომელმაც არ დაიზარა და ორ-გვერდიანი წერილი მიწერა ჩვენი პარლამენტის სპიკერს ყველანაირი არგუმენტებით. არგუმენტები არ გააჩნია ქართველ ექსპერტებს, უცხოელ, ამერიკელ ექსპერტებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, რომელიც მთლიანობაში ამერიკის სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობს.

არგუმენტები არ გააჩნიათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საქართველოში, ექსპერტებს, არასამთავრობოებს, არგუმენტები არ გააჩნია ნახევარ მილიონ ადამიანს რომელიც გუშინ გამოვიდა ქუჩაში.

გამოსავალი არის პროტესტი რომელიც გამოხატა საქართველოს მოსახლეობამ, ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა, ეს პროტესტი იყო ღია, შეუძლებელია ამ რაოდენობის ხალხი მოატყუო, მოატყუო ევროკომისია, ევროპარლამენტი. ყველას შეუძლია ჩაიხედოს სოციალურ მედიაში და იპოვის უამრავ არგუმენტს. ნებისმიერ არხზე არგუმენტების ცვენაა“ - განაცხადა კახა გოგოლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები