რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად საქართველოსთან მიმართებით ცალმხრივი სანქციების დაწესებას გააგრძელებენ. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ერთიანი პოზიციის მიღწევა უნგრეთის ხელისუფლების გამო ვერ ხერხდება, რაც მოლოდინს აჩენს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ერთიან გადაწყვეტას ითხოვენ, ცალმხრივი სანქციების განხორციელებას დაიწყებენ.
„ბალტიისპირეთის მხრიდან დაწესებული სანქციებით დაიწყო ამ მოჯადოებული წრის გარღვევა. მოჯადოებული წრე ამ საკითხთან მიმართებით იქმნება იმის გამო, რომ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, რომ ერთად იმსჯელონ და ერთად მიიღონ გადაწყვეტილებები, ამას არეგულირებენ 25-35-ე მუხლები. სწორედ ამის გამო ისინი ცალმხრივი სანქციების დაწესებას ყოველთვის ერიდებიან, რათა მათ არ დაბრალდეთ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ერთიანობის დარღვევა. თუმცა ამავე დროს საგარეო პოლიტიკურის სფერო რჩება წევრი ქვეყნების ექსკლუზიური განგების სფეროდ. ამიტომ ლოგიკურია, რომ თუ ვერ აღწევენ ერთიანობას, მაშინ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ და აქვთ უფლება იმოქმედონ ცალმხრივად. როგორც ჩანს, მიაღწია სიტუაციამ იმ ზღვარს, როდესაც წევრ ქვეყნებს უყალიბდებათ წარმოდგენა იმაზე, რომ ერთიანობით მოქმედება საქართველოსთან მიმართებით პრაქტიკულად შეუძლებელია ორბანის და მისი ხელისუფლების პოზიციების გამო. ამის გამო ალბათ ცალმხრივად სანქციებზე გადავლენ.
ის ქვეყნები, რომლებიც ითხოვენ ერთიან გადაწყვეტას, სავარაუდოა, რომ მათი უმეტესობა დაიწყებს ცალმხრივი სანქციების განხორციელებას. აქედან ჩანს, რომ ერთიანობა ვერ იქნება მიღწეული. ევროკავშირის ხელშეკრულებაში არსებობს გამონაკლისების შესაძლებლობა და ეს შეიძლება იყოს საქართველოსთან მიმართებით გამოყენებული“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.