"თიბისი კაპიტალის" დაზუსტებული საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9.4%-ით გაიზრდება. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლებაშია აღნიშნული. დაზუსტებამდე ორგანიზაცია საბაზისო სცენარში 9%-ზე მაღალ ზრდას პროგნოზირებდა.
პუბლიკაციის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ტრადიციულ ტურიზმთან ერთად, მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი დაკრედიტების რეალური ზრდაა.
ამასთან, ლარის კურსის კუთხით, "თიბისი კაპიტალის" როგორც მიმდინარე ტენდენციის შეფასება, ასევე პროგნოზი უცვლელია.
"საკუთრივ, საგრძნობლად მომატებულია სენტიმენტების ფაქტორის მნიშვნელობა, რაც, როგორც ჩანს, პოტენციური გაუფასურების მოლოდინების ფონზე ბაზარზე უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება
მეორე მხრივ, ერთგვარად, აღნიშნულიც სწორედ ბუფერია, რაც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს, თუმცა, თუ აშშ დოლარი საერთაშორისო ბაზრებზე არ დასუსტდა, გამყარების ზეწოლა დიდწილად სებ-ის მიერ რეზერვების შევსებაში აისახება",- აღნიშნავენ "თიბისი კაპიტალში".
დოლარის გლობალური გამყარების ფონზე, პროექტების დაფინანსებისთვის ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას "თიბისი კაპიტალის" რჩევაა აქცენტის შედარებით გრძელვადიან ინდიკატორებზე გაკეთება, რაც დააზღვევს პროციკლური ქცევით მიღებულ დანაკარგებს.
"საყურადღებოა, რომ, ისტორიულად ამ ჩარჩოს გამოყენების შემთხვევაში, საქართველოში კორპორატიულ სექტორს 25%-დან 35%-მდე ნაკლები ვალი ექნებოდა, არა სესხის ნაკლები მოცულობის გამო, არამედ - პორტფელში ლარი/ევრო/დოლარის ოპტიმალური წილების განსაზღვრისას, საშუალოვადიანი ინდიკატორების გამოყენების შედეგად",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.