წინანდალში, "თბილღვინოს" პარტნიორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 23-24 იანვარსაა ჩანიშნული, კომპანიამ 10-ზე მეტი ქვეყნიდან პარტნიორებს ახალი პრემიალური ხაზის ღვინის 8 სახეობა წარუდგინა - კონფერენციისა და პარტნიორების შეფასების შესახებ "საქმის კურსის" ეთერში "თბილღვინოს" აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ მარგველაშვილი საუბრობს.
როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, "თბილღვინოს" ახალი ხაზის ღვინოების დეგუსტაცია და ცნობილ უცხოურ ბრენდებთან შედარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მსოფლიო დონის ღვინის წარმოება ნამდვილად შეუძლია.
"კიდევ ერთხელ მოხდა ჩვენი ახალი კოლექციის დეგუსტაცია. კოლექცია სულ რვა ღვინისგან შედგება, ძირითადი აქცენტი კი საფერავის ჯიშსა და ქვევრის მეღვინეობაზეა გაკეთებული. ეს არის იმ მაღალი კატეგორიის ღვინოების ტოლი პროდუქტი, რომლებიც დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და სასურველია.
შეფასებები არის მნიშვნელოვნად დადებითი. ცოტა ხნის წინ გვქონდა ამ 8 ღვინიდან 2-ის ე.წ. ვერტიკალური დეგუსტაცია. დღის ბოლოს გვაქვს ახალი კოლექციის ღვინოების დეგუსტაციაც, საუბარია მსოფლიო დონის ღვინოებზე, რომელთა შედარებაც მოხდება საფრანგეთის, იტალიის, ახალი ზელანდიის და ამერიკის ყველაზე ცნობილი და შემდგარი კომპანიების ღვინოებთან, რაც ასევე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ საქართველოს შეუძლია და აწარმოებს მსოფლიო დონის ღვინოებს", - განაცხადა "თბილღვინოს" აღმასრულებელმა დირექტორმა.
"თბილღვინოს" პარტნიორთა კონფერენციას ყოველწლიური სახე აქვს და გასული ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ტარდება. როგორც ზურაბ მარგველაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, კონფერენციის მიზანი საერთაშორისო კომპანიებისთვის ქართული ტრადიციული მევენახეობისა და მეღვინეობის უფრო ახლოს გაცნობა და პოპულარიზაციაა.
"პარტნიორთა კონფერენციას აქვს თავისი კონკრეტული მიზნები. ჩვენ ვაცნობთ ჩვენს პარტნიორებს, 2024 წლის განმავლობაში რა სამუშაოები შევასრულეთ, რა მიზნები გვაქვს 2025 წელს, შევქმენით კომპანიის ახალი გლობალური სტრატეგია და ბრენდის არქიტექტურა, რომელსაც ასევე ვაცნობთ ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ ერთ-ერთი ძირეული ამოცანა არის ის, საქართველო კიდევ უფრო ახლოს გავაცნოთ მათ, ქართული ტრადიციები, კულტურა, განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით, რათა მათ კიდევ უფრო გაუძლიერდეთ ის რეალური გრძნობა, რომ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელსაც მაღალი კატეგორიის ღვინოების წარმოება შეუძლია.
ამიტომაც ჩვენი ბრენდის ახალი სტრატეგია და არქიტექტურა, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ჩვენი ახალი კოლექციის ღვინოები, მიზნად ისახავს, რომ ამ პროდუქტმა მსოფლიოში ღირსეული ადგილი დაიკავოს", - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
"თბილღვინოს" პროდუქცია მსოფლიოს მასშტაბით 25-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30 დასახელების ღვინოა, საიდანაც 8 სახეობის ღვინის ღირებულება საექსპორტო ბაზრებზე, დახლზე 20 დოლარიდან დაიწყება და 100 დოლარს სცდება.
რაც შეეხება ახალ პრემიალურ ხაზსს, კოლექციში 8 სახეობის ღვინო შედის - Mtsvane Single Vineyard, Saperavi Twin Vineyards, Qvevris Kisi, Qvevris Saperavi, Saperavi Single Vineyard, Aleksandrouli Single Vineyard, Plot #3. ახალი ხაზი ქართული ენდემური ღვინის ჯიშის საფერავის და უნიკალური ქვევრის ღვინოების ინსპირაციით შეიქმნა და ე.წ. Fine wine-ის კატეგორიას წარმოადგენს.