„მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენ და ზოგადად მთელ დარგს დღეს აქვს, არის ის, რომ მაქსიმალურად საერთაშორისოები გავხდეთ და სტაბილურ მზარდ ბაზრებზე გავიდეთ“, - ეს განცხადება „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა BMG-თან საუბრისას გააკეთა.
მარგველაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან ექსპორტის შეწყვეტის შემდეგ კომპანიის სამიზნე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და აზიის ბაზრებია, სადაც კომპანია რუსეთში გასატანი 1,5 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტს გეგმავს.
„არაჯანსაღ ბაზრებზე, რომლებთანაც ფინანსური და პოლიტიკური რყევებია დაკავშირებული, მინიმალურად უნდა ვიყოთ დამოკიდებულები. გარდა იმისა, სადაც ვართ - ბალტიისპირეთში, პოლონეთში, მიზნობრივად საინტერესო ბაზრებია აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და აზიის ქვეყნები:ჩრდილოეთ კორეა, იაპონია და სხვა.
იქიდან გამომდინარე რომ რუსეთში გადატვირთვები შეჩერებული გვაქვს, ჩვენი მთავარი ამოცანაა გავიდეთ იმ მოცულობებზე, რაც შარშან გვქონდა, ოღონდ რუსეთის ბაზრის გარეშე, რაც დიდ მიღწევა იქნება. ჩვენ წელს რუსეთში 1,5 მლნ ბოთლის გადატვირთვას ვგეგმავდით, რაზეც უარი ვთქვით. ჩვენ დავისახეთ ეს ამოცანა და გუნდთან ერთად ვასრულებთ გეგმაზომიერად.“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, ქართული ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა და ექსპორტიორმა კომპანიამ „თბილღვინომ“ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეჩერების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში უკრაინასთან მიმდინარე ომის გამო მიიღო. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარს აქამდე კომპანიის წლიური გაყიდვების 21% ეკავა.