ორგანიზაცია European Best Destinations-მა (EBD) თბილისი და ბათუმი პოსტ-კორონავირუსული პერიოდის 20 ყველაზე უსაფრთხო ევროპულ ქალაქს შორის შეიყვანა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, მას შემდეგ რაც ევროპულმა ქვეყნებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება და საზღვრების გახსნა დაიწყეს, თანდათან უფრო რეალისტური გახდა საზაფხულო არდადეგების ევროპაში გატარება.
"ბევრი ევროპული ქვეყანა საზღვრებს, სასტუმროებს ხსნის და ფრენებს აახლებს“, – წერს ორგანიზაცია EBD-ი, რომელიც კონტინენტზე მდგრადი ტურიზმის წახალისებაზე მუშაობს.
აღნიშნული ორგანიზაციის რეიტინგში პირველ ადგილზე თბილისია. შესაბამის სტატიას კი Forbes-ი აქვეყნებს.
"თბილისი საქართველოს დედაქალაქია, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებულია კორონავირუსის შედეგად. საქართველომ სწრაფად მოახდინა რეაგირება შესაბამისი ზომებით და ეპიდემია ძალიან დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნა. საქართველოში ვირუსის 260-ჯერ ნაკლები შემთხვევებია ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით“, – წერს Forbes-ი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყანა 1 ივლისიდან ხსნის საზღვრებს.
"თბილისი ფართო თვალსაწიერის მქონე ქალაქია წარსულის, აწმყოსა და მომავლის ნაზავით, კულტურითა და დასვენების საშუალებებით. ქალაქი იდეალური მიმართულებაა კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის გამო. Wow-ეფექტი გარანტირებულია“, – წერს გამოცემა.
ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ათას ადამიანზე უფრო მეტი საწოლია, ვიდრე შვედეთსა და დანიაში. და თბილისი ხუთჯერ უფრო უსაფრთხოა (კრიმინალური დონის მიხედვით), ვიდრე პარიზი ან ლონდონი.
EBD-ი კი წერს, რომ თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, ან კერძო აგარაკზე დასვენება ოთხჯერ უფრო იაფია, ვიდრე ევროპის სხვა დედაქალაქებში.
20 ყველაზე უსაფრთხო ქალაქს შორის დასახელებულია ასევე ბათუმიც.
EBD ბათუმს "შავი ზღვის ლას-ვეგასად“ მოიხსენიებს. „ეს მშვენიერი ქალაქი გეპატიჟებათ, რათა გამოსცადოთ უძველესი ისტორიისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის კონტრასტი“, – წერს ორგანიზაცია.
ბათუმი არამხოლოდ უსაფრთხო მიმართულებაა ევროპაში პოსტკორონავირუსულ პერიოდში, არამედ ის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქალაქია, დაბალია კრიმინალის დონე.
"აჭარას სულისშემკვრელად მრავალფეროვანი რეგიონია: ზღვა გრძელი სანაპიროებით, მაღალი მთები, კულტურული მონუმენტები, მონასტრები, ხიდები, ლამაზი ტბები და ავთენტური სოფლები. აქ თქვენ დააგემოვნებთ ადგილობრივ ღვინოს და აღმოაჩენთ სამზარეულოს, იგრძნობთ ეკოტურიზმის ძალას, გახდებით გულღია მასპინძლების სტუმრები. მათი მთები, რომლებიც ცასთან ახლოს დგანან, თქვენ გაგრძნობინებთ ბუნებასთან ჰარმონიას“, – წერს ორგანიზაცია.
Forbes-ი კი აღნიშნავს, რომ ბათუმში 30-ზე მეტი კლინიკაა, მათ შორის საუნივერსიტეტო საავადმყოფოები, რომლებიც ჯანმრთელობის კრიზისის დროს არ ყოფილა გადატვირთული.
20 ყველაზე უსაფრთხო ქალაქს შორის დასახელებულია ასევე საბერძნეთის ქალაქი კორფუ, ხორვატიის ქალაქი ცავტატი, ასევე დედაქალაქი ზაგრები, პორტუგალიაში ალგარვი, რუმინეთის ქალაქი სიბიუ, პოლონეთის და ავსტრიის დედაქალაქები - ვარშავა და ვენა და ლატვიის და ლიეტუვას დედაქალაქები - რიგა და ვილნიუსი.