“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, 2023 წელს CO-თი გამოწვეული 12 უბედური შემთხვევიდან, 12-ვე გაქირავებულ ბინებსა და კომერციულ ფართებში მოხდა. CO-თი მოიწამლა 11 და გარდაიცვალა 1 ადამიანი. CO-თი გამოწვეული უბედური შემთხვევების მიზეზი არასათანადოდ დამონტაჟებული გაზის დანადგარებია - ამ საკითხზე BM.GE-ის “თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე ესაუბრა.
“გამოიკვეთა ასეთი სურათი, რომ, უკანასკნელი 3 წლის მანძილზე, CO-თი გარდაცვლილი 28 ადამიანიდან ყველა დაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში გარდაიცვალნენ. შეიძლება ითქვას, რომ გამქირავებლები დიდად არ “იხარჯებიან” და არ აკეთებენ გაზის გაყვანილობას ისე უსაფრთხოდ, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს. ყველა გამქირავებელი ვალდებულია, ბინის გაქირავებისას ყველა კომუნიკაცია, მათ შორის გაზიც, მოწესრიგებული იყოს და მდგმურის სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოს.
ამიტომ, ჩვენი წლევანდელი კამპანია, რომელიც მომავალ წელსაც გაგრძელდება, იქნება გაქირავებული და დაგირავებული ბინების მკაცრი კონტროლი. მარტო ჩვენ არ გამოგვივა არაფერი, რადგან ამხელა რესურსი არ გვაქვს, ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, ვისაც უკვე აქვს ან ახლა აპირებს ბინის ქირაობას, მოგვმართონ ცხელ ხაზზე 032 240 40 04 და ჩვენი თანამშრომლები შეამოწმებენ, რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული ბინა”, - ამბობს გიორგი ლეფსვერიძე.
მისი თქმით, გაზის დანადგარებს “თბილისი ენერჯი” სრულიად უფასოდ შეამოწმებს და უსაფრთხოების შემოწმების შესაბამის აქტს გააფორმებს.
“თბილისი ენერჯის” წარმომადგენლის თქმით, უბედური შემთხვევების 99% ზამთარში ხდება, როდესაც მოსახლეობა გამათბობლებს აქტიურად იყენებს.