მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2.1 მლრდ ლარია - რაზე დაიხარჯება?

თბილისი

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წლის მაჩვენებელს 200 მილიონი ლარით აღემატება და 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს შეადგენს.

დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ თანხის ძირითადი ნაწილი კვლავ ჯანდაცვის მიმართულებას და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

„აქტიურ ფაზაში შევიდა თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესი. გამოიკვეთა რამდენიმე მაჩვენებელი და მინდა, ისინი დედაქალაქის მოსახლეობას გავაცნო. დღევანდელი მონაცემებით, თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მლრდ 100 მილიონ ლარს აღემატება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 2 ასეული მილიონით მეტია. ბიუჯეტში ტრადიციულად სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის მიმართულება ჭარბობს, რაც, დაახლოებით, 530 მლნ-ს შეადგენს. ასევე, მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთათვისაც 740 მლნ ლარია გათვალისწინებული. მათ შორისაა გარდამავალი პროექტები: 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, ახალი ავტობაზის მშენებლობა, გმირთა მოედნიდან სანაპიროზე გამსვლელი საგზაო კვანძის მოდერნიზაცია, უნივერსიტეტისა და შავიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, გახოკიძისა და ბურჯანაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია, ე.წ. კადეტთა კორპუსის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის პროექტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ხელისუფლებისგან უპრეცედენტოდ მაღალ დაფინანსებას მიიღებს.

„2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება და განხორციელებაა დაგეგმილი. კერძოდ, რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ვერის ბაღისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება და სხვა ბევრი პროექტი, რომელსაც საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით. აქტიურად ვართ ჩართული საბიუჯეტო განხილვაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რომელიც მაქსიმალურად გვერდით გვიდგას. მუნიციპალიტეტი ცენტრალური მთავრობისგან უპრეცედენტოდ მაღალ დაფინანსებას მიიღებს, რაც მეტი საინტერესო საქმის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს. ბიუჯეტის პროექტი დასრულებული სახით საკრებულოს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება, რომელიც ტრადიციულად, წლის ბოლოს განიხილება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები