მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მერიის ბიუჯეტი ₾2.08 მილიარდამდე მცირდება

კახა კალაძე

თბილისის მერიამ საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომლითაც დედაქალაქისთვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობა 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით 271 მილიონი ლარით, 2.08 მილიარდ ლარამდე მცირდება.

2025 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით, 2026 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში კლება რამდენიმე ძირითად მიმართულებას შეეხება, ესენია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რა მიმართულებითაც მომდევნო წელს 656 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება (კლება ₾104 მილიონი), ახალი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, კეთილმოწყობის და ავარიული შენობების გამაგრების მიმართულებით მომდევნო წელს 287.5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება (კლება ₾93.5 მილიონი). განათლების პროგრამებს კი თბილისის მერია 300 მილიონი ლარით დააფინანსებს (კლება ₾58 მილიონი).

მომდევნო წლის ბიუჯეტში დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი 7.5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყებისთვის 30 მილიონი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი.

2025 წელს თბილისის მერიის ჯამური ასიგნებები 2.35 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, დამტკიცებული ბიუჯეტით წელს მერიის ჯამური დაფინანსება 2 მილიარდი ლარი იყო, რაც ჯერ კიდევ 2025 წლის იანვარში დაკორექტირდა და 2.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რის შემდეგაც ბიუჯეტის ზრდის მიმართულებით კიდევ რამდენჯერმე დაკორექტირდა. ამასთან, არაერთი წლის განმავლობაში თბილისის დამტკიცებული ბიუჯეტი შემდგომში ზრდის მიმართულებით კორექტირდებოდა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ უკვე მეორე წარდგენის პროექტის ან მისი დამტკიცების შემდეგაც საკრებულომ ბიუჯეტის ასიგნებები ზრდის მიმართულებით დააკორექტიროს.

2026 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის ასიგნებები ასე ნაწილდება:

  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 656 მილიონი ლარი;
  • ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების
    გამაგრება/ჩანაცვლება - 278 მილიონი ლარი;
  • ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 292 მილიონი ლარი;
  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 მილიონი ლარი;
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 47 მილიონი ლარი;
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 182 მილიონი ლარი;
  • განათლება - 300 მილიონი ლარი;
  • კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 50 მილიონი ლარი;
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 13 მილიონი ლარი.
  • ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 257 მილიონი
    ლარი.

საკითხზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ - მერია მთავრობასთან 2026 წლის ბიუჯეტის ზრდაზე შეთანხმებას ელოდება - საკრებულოს დოკუმენტი 10 დეკემბერს წარედგინება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები